ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამისი განკარგულება 26 აგვისტოს მთავრობამ გამოსცა.
“1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 4(1) პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის #73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს – ირაკლი შოთაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.
2. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2024 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე“, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს.
ცნობისთვის, “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს ან გაუგრძელდეს თანამდებობის პირს და მისი ოჯახის წევრებს აღნიშნული პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი არ არის და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.