II კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი შემცირდა, რადიოების კი გაიზარდა

2024 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავლები, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12.7%-ით შემცირდა და 20მილიონი ლარი შეადგინა. ხოლო, მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 17.9 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 14.8%-ით ნაკლებია. ინფორმაციას კომუნიკაციაების კომისია ავრცელებს.
“საგულისხმოა, რომ ტელევიზიებისთვის 2024 წლის II კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 67.6%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, ხოლო 17.5% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.
შესწავლის შედეგად, ტელემაუწყებლების კომერციული შემოსავლების კლება, სავარაუდოდ მაუწყებლების და რეკლამის დამკვეთი კომპანიების ქცევის შეცვლამ გამოიწვია. მოგეხსენებათ, რომ საანგარიშო პერიოდში მაუწყებლების საგანგებო რეჟიმში მუშაობამ სამაუწყებლო ბადე სრულად შეცვალა, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში მაუწყებლები უწყვეტი ეთერის ფორმატში აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. აღნიშნულმა გარემოებებმა გავლენა მოახდინა რეკლამის დამკვეთი კომპანიების გადაწყვეტილებებზეც – არ ჩაეშვათ ახალი სარეკლამო კამპანიები ამ პერიოდში. სხვა ისეთი გარემოება, როგორიცაა საკანონმდებლო ცვლილება ან ახალი სარეკლამო რეგულაციების დაწესება, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა სარეკლამო შემოსავლებზე, საანგარიშო პერიოდში არ გამოვლენილა.
სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2024 წლის II კვარტალში კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2.2 მილიონი ლარით შემცირდა და 6 მილიონი ლარი შეადგინა. 2.8 მილიონი ლარი მიიღო „რუსთავი 2“-მა (მედია ჰოლდინგი), რაც წინა წელთან შედარებით 0.5 მილიონი ლარით ნაკლებია. 0.1 მილიონი ლარით შემცირდა როგორც „მთავარი არხის“, ისე „პოსტვ“-ის შემოსავლები, რომელიც „მთავარი არხის“ შემთხვევაში 1.9 მილიონს, „პოსტვ“-ის შემთხვევაში კი – 1.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. 1.2 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო ტელეკომპანია „ფორმულამ“, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0.2 მილიონი ლარით ნაკლებია. 0.4 მილიონი ლარით შემცირდა „ტელეკომპანია პირველის“ კომერციული შემოსავალი და 2024 წლის IIკვარტალში სულ 1 მილიონი ლარი შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, უცვლელი დარჩა „ბი ემ ჯი“-ისა და „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ის შემოსავლები, რომელმაც 0.9 მილიონი და 0.6 მილიონი ლარი შეადგინეს. რაც შეეხება „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, წინა წელთან შედარებით მათი შემოსავალი 0.1 მილიონით გაიზარდა და 0.6 მილიონი ლარი შეადგინა. 0.1 მილიონით გაიზარდა ასევე „სილქნეტის“ კომერციული სარეკლამო შემოსავალიც, რომელიც 2024 წლის II კვარტალში 0.2 მილიონ ლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2024 წლის მეორე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11.8%-ით გაიზარდა და 2.1 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 91%-ზე მეტიპირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 8%-ზე მეტი სპონსორობაზე მოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ