„სანტეს“ მოგება 5-ჯერ გაიზარდა – რა გეგმები აქვს კომპანიას?

რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია „სანტეს“ შემოსავალი და მოგება გაეზარდა.
„სანტე ჯიემთი პროდუქტებმა“ 2023 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, გასულ წელს შემოსავალმა 100 მლნ ლარს მიაღწია და წლიურად 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
4.5 მილიონიდან 14 მილიონამდე გაიზარდა მთლიანი მოგება, საოპერაციო მოგებამ კი, 1.9 მლნ შეადგინა.
2023 წელს კომპანიამ წმინდა მოგების სახით 13.357 მლნ ლარი მიიღო, რაც წლიურ ჭრილში 5-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.
კომპანიის ანგარიშის მიხედვით, „სანტე“ ყოველწლიურად დაახლოებით 12 მლნ ლიტრ რძეს იბარებს და ადგილობრივი ბაზრისთვის 125 -მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. სანტეს გეგმებშია საქართველოში ყველის ბაზრის განვითარება. კომპანია გეგმავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანოს ქართული სახელი და ტრადიციები ისეთი პროდუქტების სახით მაგალითად როგორიცაა ქართული ყველი ან თუნდაც ენდემური მაწონი.
„2023 წელს კომპანიამ განახორციელა კაპიტალური დანახარჯები, მათ შორის ყველის წარმოების გაფართოების მიმართულებით, რის შედეგადაც 20-25%-ით გაიზარდა მწარმოებლურობა“, – ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.
ცნობისთვის, 2016 წლიდან კომპანია „სანტე“ მსოფლიოს რძის პროდუქტების ბაზრის ლიდერის, Lactalis ჯგუფის წევრია.

ასევე დაგაინტერესებთ