პაველ დუროვს „ტელეგრამში“ დანაშაულებრივი ქმედებების დაშვებისთვის ბრალი წაუყენეს

„ტელეგრამის” შემქმნელ პაველ დუროვს საფრანგეთის სასამართლომ ბრალი შეტყობინებების აპლიკაციაში დანაშაულებრივი ქმედებების დაშვებისთვის წაუყენა.
მედიის ინფორმაციით, დუროვი წინასწარი პატიმრობიდან 5 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
კერძოდ, რუსეთში დაბადებული მულტიმილიარდერი პაველ დუროვი, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს, იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ კვირაში ორჯერ გამოცხადდება პოლიციის განყოფილებაში და საფრანგეთს არ დატოვებს.
დუროვის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მოიცავს უკანონო ტრანზაქციებში თანამონაწილეობას, თანამონაწილეობას პორნოგრაფიული მასალების, მათ შორის არასრულწლოვანების პორნოგრაფიული მასალების, შენახვაში, თანამონაწილეობას ნარკოტიკებით ვაჭრობაში, თანამონაწილეობას თაღლითობაში, კრიპტოლოგიური მომსახურების გაწევას, უარს უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნით საჭირო ინფორმაციის ან დოკუმენტების მიწოდებაზე.
ცნობისთვის, “ტელეგრამის” შემქმნელი და საფრანგეთის მოქალაქე პაველ დუროვი პარიზში 24 აგვისტოს დააკავეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დუროვის დაკავებას პოლიტიკური მიზეზები არ გააჩნია.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ