განათლების მინისტრმა საქართველოში ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში – „დიდი ბრიტანეთი-საქართველო: საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ინგლისური ენის სწავლების და შეფასების სფეროში“, რომელიც ეძღვნება ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების საკითხებს.
მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბრიტანულ-ქართული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას. მან მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებსა და ბრიტანეთის საბჭოს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და არაერთი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისთვის.
„თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში აუცილებელია სხვადასხვა საჭირო უნარების განვითარება ჩვენი ბავშვებისთვის, რომ მათ შეძლონ არსებულ კონკურენტულ გარემოში თავისუფლად ადაპტირება. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია უცხო ენების, განსაკუთრებით კი, ინგლისური ენის ცოდნის გაძლიერება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი კონფერენცია.
ჩვენ საქართველოში ინგლისური ენის შესწავლის გაუმჯობესების კუთხით უკვე შემუშავებული გვაქვს სტრატეგია, როგორც სკოლებისთვის, ასევე, განათლების სხვა საფეხურებისთვის. ამასთან, სამინისტრო, ბრიტანეთის საბჭოსთან და დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს ინგლისური ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარების და დანერგვის კუთხით. შედეგად, მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ჩვენს მოსწავლეებში ინგლისური ენის ცოდნის ხარისხს, რაც საშუალებას მისცემს მათ იყვნენ კონკურენტუნარიანები მსოფლიო ასპარეზზე“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.