ღაზა ისევ იბომბება – შვიდდღიანი ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვის შემდეგ, სექტორში საბრძოლო მოქმედებები, განახლდა.
ისრაელის არმია “ჰამასის” წინააღმდეგ ფართო ოპერაციებს განაგრძობს, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ანკლავის სამხრეთ ნაწილში. ცაჰალის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ 200-მდე “ტერორისტულ ობიექტს” დაარტყა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში, განახლებული დაბომბვის შედეგად, 187 ადამიანი დაიღუპა, 589 კი დაშავდა.
ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობას ისევ მოუწოდებს, დატოვოს სახლები და უსაფრთხო ადგილას გადაინაცვლოს.
გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჯარიკის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა გაერო ტვირთის შეტანას.
“ისრაელის მთავრობამ გვაცნობა, რომ არ გაახანგრძლივებს თავის ვიზას ჩვენი წარმომადგენლის, ლინ ჰასტინგსისთვის. ცნობისათვის, გაეროს წარმომადგენლებს ვიზა მსოფლიოს არცერთ წერტილში არ გაუქმებიათ.
უცნობია, შეძლებს თუ არა გაერო ჰუმანიტარული ტვირთის ღაზაში შეტანას. ეს ჩვენ ჰუმანიტარულ პაუზამდეც კი შეგვეძლო, ახლა კი, როდესაც ბრძოლები გრძელდება, ეს საქმე რთულდება და საშიშიც ხდება – როგორც ტვირთის ჩატანა, ისე – მისი აღება. 7-დღიანმა პაუზამ ჩვენ ბევრის შესაძლებლობა მოგვცა. ამიტომ, გენერალური მდივანი კვლავ მოუწოდებს მხარეებს, დაასრულონ საბრძოლო მოქმედებები და იპოვონ გზები ზავის განახლებისა და ტყვეების დაბრუნებისთვის,” – აცხადებს დუჯარიკი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ “ჰამასმა” ვალდებულებები დაარღვია.
“მკაფიოდ აღვნიშნე, რომ, ჰუმანიტარული პაუზის ამოწურვის შემდეგ, ისრაელისთვის მთავარი ამოცანა იქნებოდა სამოქალაქო პირების დაცვა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაგრძელება და უზრუნველყოფა. როგორც ვხედავთ, ისრაელმა უკვე, ნაწილობრივ, გადაუხვია ამ მიდგომას. დავაკვირდებით პროცესებს. აქვე, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რატომ შეჩერდა პაუზა.
ეს “ჰამასის” გამო მოხდა, სწორედ მან დაარღვია მანამდე აღებული ვალდებულებები. განახორციელა ტერორისტული თავდასხმა იერუსალიმზე, რაკეტები კი ისრაელის მისამართით ჯერ კიდევ მაშინ გაუშვა, როდესაც ჰუმანიტარული ზავი დასრულებული არ იყო. ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიურ ძალისხმევას გრძელვადიანი და უსაფრთხო მშვიდობისთვის – ისრაელის, ღაზისა და მთელი რეგიონის სასარგებლოდ,” – აცხადებს ბლინკენი.