ზურაბ დავითაშვილი: ვფიქრობ, აქ იმალება მომაკვდინებელი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, რუსული გეგმა – საქართველოს კონფედერაცია

“ნამდვილად არ მინდა მარიამობის წინ განწყობა გაგიფუჭოთ ამ გრძელი და ზოგისთვის ალბათ მოსაწყენი პოსტით, მაგრამ გაჩუმებასაც ვეღარ ვახერხებ და მოგიწოდებთ, ყველამ გააცნობიეროთ ის საფრთხე, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას და როგორიც ჩემს მახსოვრობაში არასოდეს ყოფილა.
ქართულმა ოცნებამ დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც ალბათ უპრეცედენტოა ისტორიაში და ანალოგი არ მოეძებნება. არც ერთი დაპირება ეკონომიკის განვითარებაზე, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ხელფასების და პენსიების ზრდაზე, კატასტროფული დემოგრაფიული სიტუაციის და მასობრივი ემიგრაციის შეჩერებაზე, განათლების და ჯანდაცვის რეფორმებზე, კულტურის განვითარებაზე და ეკოლოგიურ პრობლემების გადაჭრის გზებზე. კრიმინალის და კორუფციის აღმოფხვრაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ანუ არაფერზე, რაც მოსახლეობას პირველ რიგში აინტერესებს. მაშ რა არის ის, ძირითადი წინასაარჩევნო პროგრამა, რომლითაც ქართული ოცნება წარსდგა ამომრჩევლის წინაშე და რის გამოც კონსტიტუციური უმრავლესობის მიღების იმედი აქვს? მივყვეთ თანმიმდევრულად:
1. გამარჯვების შემთხვევაში ქართული ოცნება აკრძალავს ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტ პარტიებს (მათი აზრით ყველა ოპოზიციური პარტია კოლექტიური ნაცმოძრაობაა), ანუ გააუქმებს ოპოზიციას, მას მიაყოლებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და კრიტიკულ მედიას. ანუ ქართული ოცნება აანონსებს, რომ მოსპობს დემოკრატიის ყველა ნასახს და დაამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას, ტოტალიტარულ რეჟიმს ერთი იდეოლოგიით, ერთი ბელადით, სრული კონტროლით საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე და საიდუმლო პოლიციით. მოსაჩვენებლად თვითონ დანიშნავს “ოპოზიციას” ფრიდონ ინჯიას და ყაველაშვილ-სუბარის სახით. ვფიქრობ, რომელიმე მმართველ ძალას წინასაარჩევნო ლოზუნგად ექცია დიქტატურის დამყარება, ხოლო ოპოზიციიდან პარლამენტში მოხვედრილებისთვის მანდატების ჩამორთმევა უპრეცედენტო მოვლენაა პარლამენტარიზმის ისტორიაში. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ძალა საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავდა. აქ კი ასეთ ძალას კონსტიტუციური უმრავლესობის მიღების იმედი აქვს. აქედან ჩანს, როგორ უყურებს ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველს და რა წარმოდგენისაა მასზე.
2. გამარჯვების შემთხვევაში ქართული ოცნება გვპირდება, რომ გაასამართლებს წინა ხელისუფლებას (12 წლის შემდეგ!) იმ “დანაშაულისათვის”, რაც მათ მიუძღვით 2008 წლის ომის დაწყებაში. ეს არის გაუგონარი ღალატი და საკუთარი ქვეყნის მტრობა. ამაზე უკეთეს საჩუქარს პუტინი ვერც ინატრებდა. საქართველოს ხელისუფლება ცვლის ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს და ომის დამნაშავედ არა რუსეთს, არამედ საქართველოს აცხადებს. და თუ საქართველოა დამნაშავე, მაშინ რაღას ერჩი რუსეთს, რომელმაც ქართველი ფაშისტებისგან “დაიცვა” ოსი ხალხი და აღიარა სა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. კობახიძის განცხადება, რომ საქართველოს დადანაშაულება კი არ ხდება, არამედ სააკაშვილის რეჟიმისა, იდიოტებისთვის არის განკუთვნილი, რადგან პოლიტიკის და საერთაშორისო სამართლის ანბანია, რომ თუ ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული (მით უმეტეს ომის დანაშაული), პასუხს აგებს და ისჯება სახელმწიფო. ორში ერთია, ან სააკაშვილის სიძულვილით დაბრმავებული ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერები იმდენად ბრიყვები არიან, რომ ეს არ იციან, ან შეთანხმებულები არიან რუსეთთან და შეგნებულად მიდიან საშინელ ღალატზე და დანაშაულზე საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე.
3. ივანიშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჭირდებათ, რადგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საჭიროა ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის ტერიტორიული მოწყობასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია, სადაც აფხაზეთს მინიჭებული აქვს ავტონომიის სტატუსი. საინტერესოა რის ცვლილებას აპირებენ? ვფიქრობ, აქ იმალება მომაკვდინებელი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, რუსული გეგმა – საქართველოს კონფედერაცია. კერძოდ, საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ქმნიან ფორმალურად ერთიან სახელმწიფოს, თანაბარუფლებიანი სამი სუბიექტით. იქმნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზია, სინამდვილეში კი ეს ქვეყნის დაღუპვაა. კონფედერაცია სახელმწიფოთა კავშირია, რომელიც, როგორც წესი, დროებითია და უმრავლეს შემთხვევაში სუვერენულ სახელმწიფოებად იშლება. თუ ჩვენ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ჩვენ თანასწორ სუბიექტებად ვაღიარებთ, მაშინ ისინი ჯერ უნდა ვცნოთ და შემდეგ გავერთიანდეთ კონფედერაციაში. ასეთ შემთხვევაში აღარანაირი იურიდიული მექანიზმი აღარ გვრჩება შევინარჩუნოთ ტერიტორიული მთლიანობა, თუ ისინი კონფედერაციიდან გასვლას მოისურვებენ. მსოფლიო მაშინვე აღიარებს მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და ჩვენც მათ სამუდამოდ დავემშვიდობებით. ანუ ჩვენ, ჩვენივე ხელით დავშლით ქვეყანას.
4. გამოცხადდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭიროა კონსტიტუციაში სხვა ცვლილებების შესატანადო. არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ სრული საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რა იქნება ეს ცვლილებები:
ა.) კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღება, ანუ უარი საქართველოს ევრო და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. უარი დასავლეთზე და შესაბამისად პროგრესზე, ცივილიზაციაზე, კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებაზე და ამ ყველაფრის გამართლება მშვიდობის შენარჩუნების დემაგოგიური ლოზუნგით. შემთხვევით არ გააქტიურებულა ნეიტრალიტეტის თემა. მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, რომ ნეიტრალიტეტს აზრი აქვს, თუ ის გარანტირებული ნეიტრალიტეტია. ეს რომ მოხდეს, აუცილებელია ქვეყანა არ შედიოდეს არც ერთი დიდი (პირველ რიგში მეზობელი) ქვეყნების გეოპოლიტიკურ ინტერესებში, არ უნდა ჰქონდეს შინაგანი ერთიანობის პრობლემა, ჰქონდეს მძლავრი ეკონომიკა და ჰყავდეს ძლიერი არმია. აკმაყოფილებს საქართველო თუნდაც ერთ კრიტერიუმს? რა თქმა უნდა არა. ამიტომ მისი ნეიტრალურ ქვეყნად გამოცხადება ნიშნავს დასავლეთიდან ჩამოშორებას და ს ხელში ჩავარდნას (როგორც ეს 1921 წელს მოხდა).
ბ.) ს მაჟორიტარული სისტემის აღდგენა, რადგან ის უზრუნველყოფს ხელისუფლების წარმომადგენლების გამარჯვებას. როცა ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული ქართული ოცნებაა (ასე იყო წინა ორ საპარლამენტო არცევნებში), ამით ჩვენი ქვეყანა დადის უზბეკეთის და თურქმენეთის დონეზე და დისტანცირდება ევროპიდან, სადაც შეუძლებელია ერთმა პარტიამ გაიმარჯვოს ყველა ოლქში. ეს კი ავტორიტარიზმის დამყარების უაღრესად ხელშემწყობი ფაქტორია. შეიძლება ითქვას, რომ ასეთ დროს არჩევნები ფორმალობა ხდება.
გ.) უარის თქმა საქართველოზე, როგორც სეკულარულ ქვეყანაზე და მართლმადიდებლობის გამოცხადება სახელმწიფო რელიგიად. გაუცნობიერებელი მასა ამას მართლმადიდებლობაზე ზრუნვად აღიქვამს, სინამდვილეში კი უარის თქმაა ადამიანის ერთ-ერთ უმთავრეს უფლებაზე -სინდისის თავისუფლებაზე. საკმარისია აღინიშნოს, რომ ევროკავშირის არც ერთ ქვეყნის კონსტიტუცია არ იცნობს სახელმწიფო რელიგიის ცნებას. პირველ რიგში თვითონ ეკლესია უნდა იყოს ამის წინააღმდეგი, რადგან სახელმწიფო რელიგიის პირობებში ეკლესია რიგით სამინისტროდ იქცევა და თავის თავზე უნდა აიღოს ყველა ის ცოდვა, რომელიც სახელმწიფოს ყოველთვის აქვს. როგორ გამოიყენებს საპატრიარქო ასეთ სტატუსს (განსაკუთრებით სხვა კონფესიებთან მიმართებაში), ეს კიდევ სხვა საკითხია.
გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ საკმარისია იმის დასანახად, თუ რა საფრთხის წინ დგას ქვეყანა. ამიტომ ყველა ამომრჩეველი, რომელიც ხმას მისცემს ქართულ ოცნებას, ჩადის ღალატს ერის და ქვეყნის წინაშე და ნორმალურ მომავალს უსპობს მომავალ თაობას. როცა კაცი ღალატს იდენს, ის ან შეგნებული მტერია, ან დააშინეს, ან მოისყიდეს, ან უბრალოდ, უმეცარია (“სასარგებლო იდიოტი”, როგორც ლენინი უწოდებდა). მაგრამ მიზეზს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ღალატი ღალატია.
დაბოლოს, რაც ყველაზე მეტად მაშინებს და ყველაზე პესიმისტურია ჩემს პოსტში (ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი ვარაუდი არ გამართლდება). თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება არაფრით არ აღიარებს დამარცხებას, როგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები. თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერა, უბრალო უმრავლესობას მაინც დაიწერს, რომ ერთპარტიული მთავრობა შექმნას. მათ კარგად იციან, რომ არჩევნებში დამარცხება, პირდაპირი გზაა ციხისკენ, რადგან არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა ასეთი კორუმპირებული და არავის არ ჩაუდენია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იმდენი ქმედება, რაც ქართულ ოცნებას. არც ერთი ხელისუფლების ჩინოვნიკები არ გამდიდრებულან ბიუჯეტის ხარჯზე ისე, როგორც ესენი. ამიტომ, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ისინი ყველაფერზე წამსვლელი არიან. მეორე მხრივ ოპოზიცია არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა და ხმების უმრავლესობა მოაგროვა. ეს გარდაუვლად გამოიწვევს დაპირისპირებას, რაც ჩემი ვარაუდით მშვიდობიანი ვერ იქნება. (ქართულ ოცნებას სულ ცალ ფეხზე ჰკიდია მშვიდობიანი პროტესტი, თუნდაც მასში ნახევარი მილიონი კაცი მონაწილეობდეს). რევოლუციუი სიტუაცია ნამდვილად მოსალოდნელია, მაგრამ ამ უვიცმა ხელისუფლებამ ის მაინც უნდა იცოდეს, რომ რევოლუციის მიზეზი არა ოპოზიცია და გარე ძალებია, არამედ ხელისუფლების ქმედება. მეეჭვება საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდა კომენდატის საათმა რამე შეცვალოს. ჯარის ჩართვა კი “წესრიგის დასამყარებლად” ნამდვილი კატასტროფა იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ ჯრის უარის შემთხვევაში (რისი დიდი იმედიც მაქვს) ხელისუფლებამ უკანასკნელ იმედად რუსეთის “დახმარებას” მიმართოს. ბალტინები რუსეთში არასოდეს დაილევა.
ღმერთმა დაიფაროს ეს ყველაფერი გამართლდეს, მაგრამ საშიშროება რეალურია. ამიტომ არ არის ეს ჩვეულებრივი არჩევნები. აქ არ წყდება, რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წელი, არამედ ის, იქნება საქართველო დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო თუ კლანურ-მაფიოზური ქვეყანა, რომელსაც ერთი პიროვნება თავის ჭკუაზე ატრიალებს. ეს იქნება ტესტი საქართველოს მოსახლეობისათვისაც, რადგან უნდა გამოჩნდეს, არის ჩვენი ხალხის უმრავლესობა შეგნებული და მოაზროვნე მოქალაქე თუ ბრბო, რომელიც ქვეყნის ღალატს ჩადის და ჰგონია, რომ ინარჩუნებს მშვიდობას და იცავს ეროვნულ ტრადიციებს, მართლმადიდებლობას და ღირსებას.
ამიტომ მართლა ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს, პირველ რიგში ახალგაზრდობა და სტუდენტობა და თქვას თავისი სიტყვა. საქართველოს ევროპულ მომავალს იმდენმა კაცმა უნდა მისცეს ხმა და ისეთი უნდა იყოს უპირატესობა, რომ თვით ქართულ ოცნებას შეეშინდეს შედეგების გაყალბება,” – წერს სოციალურ ქსელში თსუ პროფესორი ზურაბ დავითაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი ტომ სალივანის განცხადებაზე – ეს ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია, ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენთან საუბრობენ დემოკრატიის უკუსვლაზე და მონღოლეთს უწოდებენ დემოკრატიის ოაზისს