„ქართული ოცნების“ ეგიდით წყალტუბოს საკრებულოს წევრის, ჯეირან ომანაძის, კომპანიებმა 2023-2024 წლებში ჯამში 45,365,273.11 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებში მიიღო. აღნიშნული თანხიდან მას 59.65%, ანუ 27,059,082.31 ლარი გადაუხადეს. აღსანიშნავია, ჯეირან ომანაძემ 2017-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“ 120,000 ლარი, მის მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ კი 15,000 ლარი შესწირა.
ჯეირან ომანაძე 2010-2014 წლებში საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო 2014-2017 და 2021 წლიდან „ქართული ოცნების“ სახელითაა. მასთან დაკავშირებულია ორი კომპანია: შპს „როსტვერკი“ და შპს „ჯ და ჯ“.
შპს „როსტვერკი“ 2012 წელს დაარსებული კომპანიაა, რომლის მთავარ საქმიანობას გზებისა და ავტობანების მოვლა-შენახვა და რეაბილიტაცია წარმოადგენს. კომპანიის 100% წილის მფლობელი და ამავდროულად დირექტორი ჯეირან ომანაძეა. 2023-2024 წლების განმავლობაში შპს „როსტვერკმა“ სახელმწიფო ტენდერებში 18,448,051.25 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები და ასევე 3,842,282.03 ლარის ღირებულების გამარტივებული ხელშეკრულებები გააფორმა. კომპანიამ სახელმწიფოსგან უკვე 11,328,014.24 ლარი მიიღო.
უფრო დიდი ოდენობის სახელმწიფო ტენდერებს იგებს ჯეირან ომანაძის მეორე კომპანია – შპს „ჯ და ჯ“. ჯეირან ომანაძე აღნიშნული კომპანიის დირექტორია და ამავდროულად მის 50%-ს ფლობს, დანარჩენი წილის მფლობელი კი ჯამბულ შუღლაძეა. მსგავსად „როსტვერკისა“, „ჯ და ჯ-ს“ მთავარ საქმიანობასაც გზებისა და ავტობანების მოვლა-შენახვა და რეაბილიტაცია წარმოადგენს. 2023-2024 წლებში „ჯ და ჯ-მ“ სახელმწიფო ტენდერებში 23,074,839.83 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა, საიდანაც 15,731,068.07 ლარი სახელმწიფომ უკვე დარიცხა.
შეგახსენებთ, რომ „ფლანგვის დეტექტორი“ ჯეირან ომანაძის ბიზნესსაქმიანობის შესახებ ჯერ კიდევ 2020 და 2022 წლებში წერდა. იქიდან გამომდინარე, რომ ის საკრებულოს წევრი და ამავდროულად „ქართული ოცნების“ შემომწირველია, აღნიშნული საკითხი საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას შესაბამისი სამსახურების მიერ.