მაკრონი დუროვს სთავაზობდა, Telegram-ის ოფისი პარიზში გადაეტანა – WSJ

ბიზნესმენი, Telegram-ის დამფუძნებლი, პაველ დუროვი საფრანგეთში დააკავეს 25 აგვისტოს, აზერბაიჯანიდან კერძო თვითმფრინავით მგზავრობის შემდეგ. პარიზის პროკურატურამ 26 აგვისტოს განაცხადა, რომ ივლისში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პლატფორმა Telegram-ის დახმარებით ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე.
დუროვი ამ საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სულ საუბარია 12 დანაშაულზე, მათ შორისაა სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა, კიბერდანაშაული, ფულის გათეთრება და კრიპტოლოგიური მოწყობილობის იმპორტი წინასწარი დეკლარაციის გარეშე.
ოთხშაბათს გამოცემა Wall Street Journal-მა წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა არაერთი დეტალი დუროვისა და საფრანგეთის ხელისუფლების ურთიერთობის შესახებ. დუროვმა 2021 წელს მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. სტატიაში ნათქვამია, რომ 2018 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პაველ დუროვს სადილზე შესთავაზა, პარიზში გადაეტანა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მდებარე Telegram-ის სათავო ოფისი. რაზეც, გავრცელებული ინფორმაციით, დუროვმა უარი განუცხადა. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ხელისუფლებამ მას გამარტივებული პროცედურით მიანიჭა მოქალაქეობა.
დუროვის დაკავების შემდეგ, Telegram-ის გუნდმა განაცხადა, რომ პლატფორმა იცავს ევროკავშირის კანონებს, მათ შორის შინაარსის მოდერაციის სფეროში.

ასევე დაგაინტერესებთ