რა პროგრამები ხორციელდება ენერგეტიკულ სექტორში კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად – „პროფესიული განათლების ნავიგატორი“

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ USAID-ის „დამსაქმებელი – პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამასთან ენერგეტიკის სექტორში კადრების მომზადების შესახებ ახალი ორწლიანი პროექტის განხორციელებაზე ხელშეკრულება გააფორმა.
პროექტს – „განახლებადი ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ძალის განვითარება“ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციასთან (GREDA) პარტნიორობით განახორციელებს, ამასთან სახელმწიფოს მხრიდან პროექტის იმპლემენტაციაში რვა საზოგადოებრივი კოლეჯი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პროფესიული უნარების სააგენტო აქტიურად იქნება ჩართული.
პროექტის დეტალებზე „კომერსანტის“ ეთერში თაი სიბოშვილის გადაცემა „პროფესიული განათლების ნავიგატორში“ ისაუბრეს.
USAID – ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელის ნელი რევაზიშვილის განცხადებით, პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ 5 წლიანი მასშტაბური ინიციატივაა, რომელიც უზრუნველყოფს 24 მილიონი დოლარის ინვესტირებას უნარების განვითარების ეკოსისტემაში. პროგრამის ამოცანაა, სწრაფად მზარდი ეკონომიკის სექტორებისთვის ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობითა და პარტნიორობით ხორციელდება.
„პროგრამა დაფუძნებულია იმ პარადიგმაზე, რომ კერძო სექტორი, რომელიც არის მთავარი დამსაქმებელი, ასევე არის მთავარი განმსაზღვრელი, თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს კონკრეტული სასწავლო პროგრამების განვითარება ქვეყანაში, როგორ უნდა მომზადდნენ და გადამზადდნენ ადამიანები იმისთვის, რომ მათ შეძლონ ერთის მხრივ მაღალანაზღაურებადი დასაქმების მოპოვება, მეორე მხრივ ხელი შეეწყოს ინდუსტრიის განვითარებას და კონკურენტუნარიანობის ზრდას.
პროგრამა უკვე 2.5 წელია რაც ხორციელდება. პროგრამის მთავარი ინსტრუმენტი არის თანაინვესტირებაზე დაფუძნებული გრანტები, რომლის მეშვეობითაც ხდება უნარების სისტემის მორგება დამსაქმებლების მოთხოვნებზე. პროგრამას ამ ეტაპზე ათვისებული აქვს 13 მილიონიანი საგრანტო კომპონენტი, გაფორმებული აქვს 57 ძალიან საინტერესო პარტნიორობა. დავფარეთ საქართველოს ყველა რეგიონი სხვადასხვა სახის მომზადება-გადამზადების თუ საგანმანათლებლო პროგრამებით, ასევე მოხდება 200-მდე პროგრამის დანერგვა, “- განაცხადა ნელი რევაზიშვილმა.
ნელი რევაზიშვილის თქმით, პროგრამა მოიცავს თითქმის ყველა სექტორს.
„ვფარავთ საქართველოში სწრაფად მზარდ თითქმის ყველა სექტორს: ენერგეტიკის და განახლებადი ენერგიის ინდუსტრია, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინდუსტრია, ტურიზმი, აგრომიმართულება, ძალიან დომინანტურია და მძლავრია სამშენებლო სექტორის მიმართულება და ასე შემდეგ,“- აღნიშნა USAID – ის პროგრამის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, პროგრამის ამ მექანიზმმა დაასტიმულირა კერძო სექტორიდან და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან დაახლოებით $100 მილიონის ინვესტირების შესაძლებლობა. ამ ეტაპზე ეს რესურსი სრულად არაა გამოყენებული რადგან 412 განაცხადიდან მხოლოდ 57 პარტნიორობაა შემდგარი. თანაინვესტირების რესურსი ამ ეტაპზე $15 მილიონს შეადგენს.
„ენერგოუსაფრთხოება და ენერგეტიკის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია და წარმოადგენს USAID-ის პრიორიტეტს. აქედან გამომდინარე USAID – ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში „განახლებადი ენერგეტიკის სექტორში სამუშაო ძალის განვითარების“ პროექტის განხორციელება არის უპრეცედენტო. მოდელიც რაზედაც ეს პროგრამაა დაფუძნებული უნიკალურია. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბიზნეს ასოციაცია თანამშრომლობს თავის წევრებთან და აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში პასუხობს გამოწვევას, რომელიც არის კვალიფიციური კადრების ხელმისაწვდომობა,“ – განაცხადა ნელი რევაზიშვილმა, მისი თქმით, კერძო სექტორის გარდა პროექტის მხარდამჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და უნარების განვითარების სააგენტო
„ეს არის ერთი დიდი წრე დაინტერესებული მხარეების, რომლებიც USAID -თან ერთად გაერთიანდნენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სექტორულ დონეზე იყოს აღმოფხვრილი კვალიფიციური სამუშაო ძალის პრობლემა,“- აღნიშნა ნელი რევაზიშვილმა.
პროექტის „განახლებადი ენერგეტიკის სექტორში სამუშაო ძალის განვითარების“ შესახებ გადაცემაში ისაუბრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პროექტის მენეჯერმა ნანა ცერცვაძემაც.
„დღეს არსებულ და დაგეგმილ ჰესებთან დაკავშირებით უკვე არსებობს საკადრო დეფიციტი, ამას ემატება ისიც, რომ არ არსებობს მოკლევადიანი პროგრამა, რომელიც ჰესების ოპერატორს მოამზადებს, საკმაოდ მწვავედ დგას ეს პრობლემა და მომავალშიც გამწვავდება. შესაბამისად საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციასთან (greda) ერთად შეიმუშავა ეს პროექტი და მივმართეთ USAID-ს განაცხადით,“- აღნიშნა ნანა ცერცვაძემ. პრობლემის აქტუალობიდან და დარგის საჭიროებებიდან გამომდინარე განაცხადმა დონორის დაინტერესება გამოიწვია და პროექტის განსახორციელებლად თანადაფინანსება გამოიყო.
როგორც ნანა ცერცვაძემ განაცხადა, პროექტი ხორციელდება greda-სთან თანამშრომლობით როგორც ჰესების მიმართულებით, ასევე ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება მზის სადგურების მემონტაჟეების მომზადებაც.
GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის მაია მელიქიძის თქმით, ენერგეტიკული სექტორის კვლევამ გამოავლინა, რომ უმაღლესი სასწავლებლები ვერ ამზადებენ კადრებს იმ უნარებით, რომელიც დააკმაყოფილებს ბიზნესს. შესაბამისად ბიზნესიდან წამოსულ მოთხოვნას უპასუხეს ასოციაციებმა და შედგა USAID-თან თანამშრომლობაც.
პროექტში ჩართულია 10-ზე მეტი ჰესი საქართველოს 8 რეგიონიდან და ჯამში შედგება 8 პარტნიორობა ჰესებსა და კოლეჯებს შორის. პარტნიორობა გულისხმობს იმას, რომ მოხდება პროგრამის ერთობლივად შემუშავება. უნარებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ჰესებთან და კოლეჯებთან ერთად ადგილზე შეისწავლის ბიზნეს ასოციაციის საერთაშორისო კონტრაქტორი ენერგეტიკული კომპანია. პროგრამის თეორიული ნაწილი გავლა კოლეჯებში, ხოლო პრაქტიკული ნაწილის ჰესებში მოხდება.
მაია მელიქიძის თქმით, პროექტში მონაწილეობისა და პროფესიის დაუფლებისთვის საკმარისია საშუალო განათლების ატესტატი. ამასთან პროგრამა საშუალებას იძლევა მოხდეს უკვე ენერგეტიკულ სექტორში მყოფი პირების გადამზადებაც.
ნანა ცერცვაძის თქმით, პროგრამის აღიარების შემდეგ პროგრამა მიიღებს უნარების სააგენტოსგან დაფინანსებას, რისი მეშვეობითაც პროგრამებზე სწავლა იქნება სრულად დაფინანსებული და პროგრამის სტუდენტებისთვის უფასო.
რაც შეეხება ტრენერების კუთხით არსებულ მდგომარეობას, როგორც გადაცემის სტუმრებმა აღნიშნეს, პროგრამა გულისხმობს იმას, რომ ტექნიკური კუთხით სწავლებას თავად ჰესების თანამშრომლები განახორციელებენ, რომლებიც ამ მიმართულებით დატრენინგდებიან.
მაია მელიქიძის თქმით, რაც შეეხება დასაქმებას, სექტორში კვალიფიციური კადრებთან მიმართებით ერთგვარ „შიმშილს“ განიცდის, ამიტომ პროგრამის კურსდამთავრებულებს დასაქმება გარანტირებული ექნებათ.