საინვესტიციო ჰოლდინგ Georgian Capital-ს ღვინის ბიზნესიდან შემოსავალი შეუმცირდა, ლუდის ბიზნესიდან კი გაეზარდა, ამის შესახებ კომპანიის მეორე კვარტალის ანგარიშებიდან ირკვევა.
ჰოლდინგის ღვინის ბიზნესიდან აპრილ – ივნისში წმინდა ამონაგები 26.5%-ით 11.9 მლნ ლარამდე შემცირდა, რაც გაყიდული ბოთლების რაოდენობის 33.5%-იან კლებას ნიშნავს.
„ექსპორტის წილი მთლიან გაყიდვებში 9.7 პროცენტული პუნქტით 79.3%-მდე შემცირდა“ – ნათქვამია ანგარიშში.
თუმცა, პოზიტიურია ჯამურად წლის პირველი ნახევარი. ღვინის ბიზნესიდან ამონაგები წლიურად 14.8%-ით გაიზარდა და 29.6 მლნ ლარს მიაღწია, რაც თითქმის 14%-ით მეტ გაყიდულ ბოთლს უდრის. „საქართველოს კაპიტალი“ ფლობს „თელიანი ველის“, „ქინძმარაულის მარნის“ და „ალავერდის“ წილებს.
რაც შეეხება ლუდის ბიზნესს, ის ზრდას აჩვენებდა, როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში. აპრილ-ივნისში ლუდის ბიზნესის მთლიანი შემოსავალი წინა წელთან შედარებით 9.7%-ით გაიზარდა და 46.8 მილიონი ლარი შეადგინა, წლის პირველ ნახევარში კი, ზრდა 6.6 % იყო. ჯამში 6 თვის შემოსავალი 72 მლნ ლარია.
ჰოლდინგის ინფორმაციით, შემოსავლების ზრდა პროდუქციაზე ფასების ზრდამ განაპირობა, რადგანაც ჰექტოლიტრით გაყიდვები მეორე კვარტალში 0.3%-ით, 6 თვეში 2.9% არის შემცირებული.
რაც შეეხება ფასებს – ლუდისა და ლიმონათის საშუალო ფასი მეორე კვარტალში წინა წელთან შედარებით 10.0%-ით გაიზარდა, წლის პირველ ნახევარში კი, 9.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, ლუდისა და ლიმონათს ბიზნესში გაიზარდა საოპერაციო ხარჯი, ძირითადად გაზრდილი მარკეტინგული ხარჯების გამო.