ცხინვალი ინფორმაციას ამოწმებს ლიახვში აღმოჩენილი გვამის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან, მდინარე ლიახვში ადგილობრივებმა მამაკაცის გვამი იპოვეს. დამხრჩვალის ვინაობა მათთვის უცნობია. ნიქოზი ოკუპირებულ ცხინვალს ესაზღვრება. ქართველი სამართალდამცავების ვარაუდით, მამაკაცის გვამი დინებამ ნიქოზის მიმართულებით, სწორედ ცხინვალის რეგიონიდან წამოიღო.
ამ შემთხვევის გამო საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა აამოქმედა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მდინარეში გვამის აღმოჩენის შესახებ აცნობა.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ოსური მხრიდან, ოსურ მედიას უდასტურებს, რომ ქართველი სამართალდამცავებისაგან ცხელი ხაზის მეშვეობით შეტყობინება უკვე მიიღო.
“ევროკავშირის მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით ქართულმა მხარემ მომმართა, ხომ არ დაიკარგა ჩვენთან ადამიანი, რომელსაც ვეძებდით. გვაცნობეს, რომ მდინარე ლიახვში, სოფელ ნიქოზთან აღმოჩენილია, სავარაუდოდ 45-50 წლის კაცის გვამი. ისიც გვითხრეს, რომ გვამი უკვე ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ჩვენი მხრიდან მივმართეთ სამართალდამცავებს და ისინი ახლა ამოწმებენ ინფორმაციას დაკარგულების შესახებ”.
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამჟამად ცხინვალის რეგიონში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ერთ კაცს ეძებენ. საინფორმაციო სააგენტო „საპას“ ცხინვალის -დან უთხრეს , რომ ეს კაცი არის ვადიმ აჯიევი, რომელიც მიმდინარე წლის მაისში დაიკარგა და მისი ძებნის ოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო. სხვა დაკარგულის შესახებ დე ფაქტო შ.სს-ს ინფორმაცია არ გააჩნია.
დაკარგულთა მოძიების და გარდაცვლილების გადაცემის მიმართულებით ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მხარეები ინტენსიურად თანამშრომლობენ. მიმდინარე წლის ივნისში, ქართველმა მაშველებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში იპოვეს მდინარე ლიახვში, დამხრჩვალი 14 წლის მოზარდის ცხედარი.
მანამდე ქართულ მხარეს ცხინვალიდან აცნობეს, რომ 14 წლის მოზარდი სწრაფმა დინებამ ქართული სოფლისკენ გაიტაცა. მაშინ მდინარე ლიახვში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამძებრო ოპერაცია, დათვალიერდა მდინარის სანაპიროები ზემო და ქვემო ნიქოზსა და ასევე ფხვენისში.
წყლის დონის შესამცირებლად, ნიქოზის კაშხლიდან, ქართველმა სპეციალისტებმა წყალი სარწყავ სისტემაშიც გაუშვეს. სოფელი ფხვენისი ქვემო ნიქოზს ესაზღვრება და ცხინვალიდან დაახლოებით ექვსი კილომეტრითაა დაშორებული. 14 წლის მიხეილ გაბარაევის ცხედარი რამდენიმე საათში ოსურ მხარეს გადასცეს.
19 ივნისს მდინარე ლიახვში ბანაობისას, ძლიერმა დინებამ მოზარდი ქართული სოფლების მიმართულებით წაიღო. მაშინვე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და დე ფაქტო ხელისუფლებამ დახმარება საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა.