მთავრობა შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, ნატო-სა და ჟენევაში ელჩებს ათავისუფლებს – მიზეზი ვადის ამოწურვაა

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დიპლომატის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულებები გამოსცა. როგორც BM.GE-ის მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, გადაწყვეტილების მიზეზი მათი როტაციის ვადის ამოწურვაა.
კერძოდ, 26 აგვისტოთი დათარიღებული განკარგულებების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება წინადადება:
2024 წლის 21 სექტემბრიდან, ვიქტორ დოლიძის ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
2024 წლის პირველი ოქტომბრიდან, ალექსანდრე მაისურაძის ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
2024 წლის პირველი ოქტომბრიდან, რევაზ ლომინაძის შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
2024 წლის 15 ოქტომბრიდან, სოფიო ქაცარავას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
აღნიშნული დიპლომატები შესაბამის თანამდებობებს 2020 წლიდან იკავებენ.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ