„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, განცხადებები, თითქოს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას გეგმავს, სპეკულაციაა.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხი უნდა აგოს თავის მოღალატეობრივ ქმედებებზე“.
„ჩვეულებრივი სპეკულაციებია, თითქოს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას გეგმავს. ეს არის აბსურდი, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, მაგრამ იმ პოლიტიკურ პარტიას, ვინც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, სახელმწიფოებრიობას და ყველაფერს აკეთებს თავიანთი მოღალატეობრივი ქმედებებით, რომ ქვეყანა დააზიანონ, ამ ქვეყნის მომავალს საფრთხე შეუქმნან… კონკრეტული მაგალითიც გვაქვს, 2008 წლის ომში მოღალატეობრივი ქმედებები. თავიანთი გაუაზრებელი პოლიტიკით რა მივიღეთ? – დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურებული ინფრასტრუქტურა, უამრავი ლტოლვილი ოჯახი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება ბევრი კითხვა ამასთან დაკავშირებით და ასევე, პასუხები. ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი!
რაც შეეხება კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, თქვენ იცით, რომ დღეს ეს ადამიანები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებად მოგვევლინებიან, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგნენ. მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ და მათი მოღალატეობრივი ქმედებებით ჩვენ ტერიტორიები დავკარგეთ. შესაბამისად, ამ ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს დამნაშავეებმა, ვინც დანაშაული ჩაიდინა. თქვენ როგორ ფიქრობთ, იმ პოლიტიკურ პარტიას აქვს არსებობის უფლება, მოღვაწეობა და პოლიტიკის კეთება, რომელიც პირდაპირ მტრობს ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს? ასევე, დარბის ბრიუსელში, ცდილობს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამასთან, რამდენიმე წლის წინ ვიზალიბერალიზაციის პროცესი უნდოდათ, რომ შეეჩერებინათ. აგრეთვე, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ მომხდარიყო და ა.შ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს იმის უფლება, რომ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, 12 წლის განმავლობაში რატომ არაფერი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ თუ პარტია დამნაშავე იყო, კალაძე აცხადებს:
„პირდაპირ განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით ხომ კეთდებოდა? ასევე, მოწოდებები გარედან, რომ საქართველო შემოგვეხიდოს, მეორე ფრონტი გახსნილიყო. განცხადებები ხომ კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს, ვიდრე ამ განცხადებებს ვისმენდეთ? ასევე, განცხადებები ხო კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციებს მივერთებოდით. ამით ვინ დაზიანდებოდა? – ისევ ჩვენ, ჩვენი ქვეყანა და ხალხი. შესაბამისად, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გარედან იმართებიან, მათ არანაირი საკუთარი მოსაზრება და ხედვა არ გააჩნიათ. რასაც უბრძანებენ, ეტყვიან, დაავალებენ ყველაფერზე წამსვლელები არიან. ეს არის უბოროტესი ძალა, რომელიც ყველაფრის მკადრებელია. შესაბამისად, ამ ძალამ შესაბამისი პასუხი უნდა აგოს“,- განაცხადა კალაძემ.