“პაველ დუროვს დასამალი არაფერი აქვს” – Telegram-ი განცხადებას ავრცელებს

სოციალურ ქსელ Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის დაკავებასთან დაკავშირებით, კომპანია თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ Telegram-ის საოპერაციო პოლიტიკა ევროკავშირის კანონებთან თანხვედრაშია.
“Telegram-ი ემორჩილება ევროკავშირის კანონებს, მათ შორის ციფრული სერვისების აქტს – მისი მოდერაცია ინდუსტრიის სტანდარტებთანაა თანხვედრაში და მუდმივად უმჯობესდება.
გლობალურად თითქმის მილიარდი ადამიანი იყენებს Telegram-ს კომუნიკაციისთვის, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნახსენებია, რომ კომპანიის დამფუძნებელს, პაველ დუროვს ბრალი არ მიუძღვის დანაშაულში, რომლის გამოც ის სამართალდამცველებმა პარიზის აეროპორტში აიყვანეს.
“Telegram-ის CEO პაველ დუროვს დასამალი არაფერი აქვს და ევროპის მასსტაბით ხშირად მოგზაურობს. აბსურდია იმის მტკიცება, რომ მფლობელი პასუხისმგებელია პლატფორმაზე ჩადენილი დანაშაულის გამო”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
პაველ დუროვი 24 აგვისტოს, პარიზის აეროპორტში დააკავეს. გამოძიება Telegram-ის საშუალებით დაგეგმილ და მომხდარ კრიმინალურ დანაშაულებს, მათ შორის ტერორიზმის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ბავშვებზე ძალადობის საკითხებზე მიმდინარეობს.