როგორ ამცირებს მწერების პოპულაციას გლობალური დათბობა – რა რისკია ეს?

· პეკინში, ავსტრალიასა და ამერიკაში ჩატარებულმა კვლევებმა საგანგაშო შედეგები აჩვენა — გლობალური დათბობა და გახშირებული ტყის ხანძრები ამცირებს მწერების პოპულაციას;
·
· დაბინძურებული ჰაერი დასახლებებისგან შორს მდებარე რეგიონებსა და დაცულ ტერიტორიებზეც ვრცელდება;
·
· მყარი ნაწილაკები აზიანებს მწერების ულვაშებს, რის გამოც მათ უქვეითდებათ ყნოსვა, უჭირთ გამოკვება და გამრავლება.
·
პეკინისა და მელბურნის უნივერსიტეტებისა და კალიფორნიის ქალაქ დევისის სატყეო დეპარტამენტის სპეციალისტების კვლევები ცხადყოფს, რომ ჰაერში მყარი ნაწილაკების მაღალი შემცველობა მწერებს გამრავლებასა და გამოკვებაში ხელს უშლის. მძიმე ზიანის მისაყენებლად 12 საათიც საკმარისია.
მართალია, მსგავსი კვლევები ადრეც ტარდებოდა, თუმცა მეცნიერებს არ გაუმახვილებიათ ყურადღება ჰაერის მცირე და მოკლევადიანი დაბინძურების გავლენაზე, რაც ბოლო დროს გახშირდა.
ნეიტრონული ტესტების მეშვეობით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ულვაშების დაბინძურების გამო ბუზების ტვინი სუნზე უფრო ცუდად რეაგირებს.
პეკინში ჩატარებული კვლევის დროს დაბინძურების სხვადასხვა დონის გავლენის ქვეშ მყოფი ბუზები Y-ის ფორმის ლაბირინთში მოათავსეს, რომლის ერთი ბოლო საკვების, ხოლო მეორე — სასქესო ფერომონების სუნის გამომწვევი ობიექტისკენ მიუძღოდა. შესაძლებლობა, რომ ბუზები სუნს გაჰყვებოდნენ 50/-ზე იყო, თუმცა ჯანმრთელი ბუზები, ძირითადად, სუნის წყაროსკენ მიემართებოდნენ.
პროფესორმა მარკ ელგარმა აღნიშნა, რომ ეს კვლევა გვიჩვენებს, თუ რა საზიანოა ჰაერის დაბინძურება მწერების პოპულაციისთვის: „ჩვენთვის ცნობილია, რომ მყარი ნაწილაკები ნეგატიურ გავლენას ახდენს ცოცხალი არსებების, მათ შორის მწერების, ჯანმრთელობაზე. ჩვენმა კვლევამ ცხადყო, რომ ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურება აზიანებს მწერების უმთავრეს სასიცოცხლო უნარს — ყნოსვას. შესაბამისად, მათ უჭირთ გამოკვება და გამრავლება. ამის გამო შეიძლება შემცირდეს მწერების პოპულაციები ბუჩქნარებში ხანძრების შემდეგ და ასევე ისეთ ადგილებშიც, რომლებიც დაბინძურების წყაროსთან ახლოსაა. მწერები საინტერესო არსებები არიან. ზოგიერთი მათგანი საკვანძო როლს თამაშობს მცენარეების დამტვერვაში. პრაქტიკულად, ყველა მცენარე, რომელიც ჩვენს რაციონში შედის, მწერების დახმარებით მრავლდება. ასევე დიდია მწერების როლი მკვებავი ნივთიერებების გადამუშავებაშიც“.
ავსტრალიაში ტყის ხანძრებით დაზარალებულ ტერიტორიებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფუტკრების, ბზიკების, ფარვანებისა და ბუზების სხვადასხვა სახეობას ულვაშები კვამლით ჰქონდათ დაზიანებული ხანძრისგან მოშორებით მდებარე რაიონებშიც კი.
პროფესორ ელგარის თქმით: „როდესაც მწერების ულვაშები მყარი ნაწილაკებით ზიანდება, მათ უჭირთ საკვების სუნის შეგრძნება, შეჯვარებისა და კვერცხის დასადები ადგილის პოვნა, სწორედ ამიტომ მათი პოპულაცია მცირდება. დედამიწის ტერიტორიის 40% მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული. მათი შემცველობა ჰაერში ჯანმოს ნორმებს აღემატება. სამწუხაროდ, ჰაერი დაბინძურებულია მოშორებულ რეგიონებსა და დაცული ტერიტორიებზეც, სადაც იშვიათი სახეობები ბინადრობენ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ქარს მყარი ნაწილაკები ათასობით კილომეტრზეც მარტივად გადააქვს“.
წყარო: Airqualitynews.com
greenpole.org