ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ისრაელთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად საქართველო მოწინავე ქვეყნების რიგებშია. გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიშში, სადაც საქართველო ნახსენებია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორი.
ვაშინგტონი უმაღლეს შეფასებას აძლევს ეროვნულ კონტრტერორიზმის სტრატეგიას, რომელიც თბილისმა მომავალი 4 წლისთვის გაწერა. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს შეუძლია: ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება.
დოკუმენტში მოყვანილია კონკრეტული ფაქტებიც – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ 2022 წელს სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნით საქართველოდან არცერთი მოქალაქე არ გასულა, თუმცა, დააკავეს და გაასამართლეს საქართველოს 5 მოქალაქე, რომელიც ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირშია ბრალდებულია.
ცალკეა აღნიშნული ისრაელის მოქალაქის, იციკ მოშეს მკვლელობის მცდელობის აღკვეთა რომელიც, სავარაუდოდ, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ორგანიზებით დაიგეგმა. დოკუმენტში ასევე გარკვევით წერია, რომ საქართველო აძლიერებს ფულის გათეთრების და მასობრივი განადგურების იარაღის საწინააღმდეგო ძალისხმევას.
“2022 წელს საქართველო განაგრძობდა აქტიურ ჩართულობას კონტრტერორისტულ საკითხებში და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უსაფრთხოების სფეროში ძლიერ პარტნიორად რჩებოდა. ტერორისტული ვითარება საქართველოში წყნარი და სტაბილური იყო. სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ნოემბერში აღკვეთა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა, რომელიც სავარაუდოდ, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან ასოცირებული ირანელების მიერ მზადდებოდა. 2022 წელს, საქართველომ ბრალი წაუყენა ქვეყნის 5 მოქალაქეს, რომელიც 2021 წელს იყო დაკავებული, “აისისთან” აფილირების გამო და დააპატიმრა კიდევ ერთი პირი ანალოგიური ბრალდებებით. 2022 წელს საქართველოში ტერორისტული ინციდენტები არ ყოფილა. ტერორისტული საქმიანობისთვის სირიასა და ერაყში 2022 წელს საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ წასულა,”-
საქართველოს, ძირითადად, შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია უფლებამოსილება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებებზე და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა უწყებებთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებსა და საქართველოს პროკურატურასთან, აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებთან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ძირითადად, კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილია და მისი კონტრტერორისტული განყოფილება რეგულარულად განაგრძობს წვრთნას და აღჭურვას საერთაშორისო პარტნიორების და შიდა სწავლების მეშვეობით. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა კომპეტენტური და ორგანიზებულია. უზრუნველყოფენ პირველადი რეაგირების შესაძლებლობას საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა,”-წერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.