24 აგვისტოს რიკოთის უღელტეხილზე უამინდობის გამო შექმნილ საგზაო კოლაფსს სპეციალისტები ეხმაურებიან და იმ შეცდომებზე საუბრობენ, რომელიც პროექტის განხორციელებისას იქნა დაშვებული.
ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის თქმით, რიკოთის პროექტის განხორციელებისას მშენებელმა კომპანიამ გზადაგზა აღმოაჩინა ახალი გარემოებები:
“გზადაგზა აღმოაჩინეს კიდე ბევრი გარემოება, რაც აძვირებს პროექტსაც და არ აკეთებს სტაბილიზაციას ფერდობების. რიკოთის მონაკვეთი იმდენად რთულია, რომ ტრანსპორტის დიდმა ნაკადმა შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნას,” – აცხადებს ნინო ჩხობაძე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის თქმით, პროცესი ბუნებრივი სტაბილიზაციისკენ წავა და გრავიტაციის გამო შემდეგში აუცილებლად მეწყრებს გამოიწვევს.
“უკვე ცხადია ყველას, არაპროფესიონალსაც უჩნდება შიშის შეგრძნება იმ კუთხით, რომ გადაადგილება უსაფრთხო არაა, ფერდები კარაქივითაა ჩამოჭრილი, რაც უსაფრთხოდ ნამდვილად არაა. ეს არის პროცესი, რომელიც სამწუხაროდ დიდი ხანი გაგრძელდება, ეს არ უნდა გამოგეწვიათ, თორემ ახლა ამის შეჩერება შეუძლებელია. ბუნებრივი სტაბილიზაციისკენ წავა პროცესი, რაც რა თქმა უნდა გრავიტაციის გამო აუცილებლად შემდეგში მეწყრებს გამოიწვევს,” – აღნიშნა თეა გოდოლაძემ.
ამინდობის გამო ქვეყნის მთავარ მაგისტრალზე შექმნილ პრობლემებს ოპოზიცია ხელისუფლების უპასუხისმგებლობას უკავშირებს.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, დროებით შეზღუდული იყო. როგორც უწყებაში განმარტეს, ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს.
წყარო: მთავარი არხი
