მთავარ მაგისტრალზე შექმნილ პრობლემებს ოპოზიცია ხელისუფლების უპასუხისმგებლობას უკავშირებს

ამინდობის გამო ქვეყნის მთავარ მაგისტრალზე შექმნილ პრობლემებს ოპოზიცია ხელისუფლების უპასუხისმგებლობას უკავშირებს. “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის ბესო დონაძის თქმით, რიკოთის მაგისტრალი აჩვენებს, თუ როგორი უუნაროა ხელისუფლება.
“რიკოთის მაგისტრალი აჩვენებს, თუ როგორი უუნაროა ხელისუფლება. გასაგებია, რომ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები,მაგრამ უნდა დასრულდეს დროულად, რათა გადაადგილება შეძლოს მოსახლეობამ. სამწუხაროდ არ არსებობს პასუხისმგებელი პირი, გამომდინარე იქიდან, რომ “ქართული ოცნება” თავისი გუნდის წევრების დასჯას არ აპირებს. არ არის საპატრულო ეკიპაჟები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ცუდად და დაუგეგმავად. არ ხდება შრომის უსაფრთხოების და საერთოდ უსაფრთხოების დაცვა,” – აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი ბესო დონაძე.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, დროებით შეზღუდული იყო. როგორც უწყებაში განმარტეს, ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„კერძოდ, სოფელ ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გაწმენდითი სამუშაოები დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა“, – განუცხადეს უწყებაში.
წყარო: მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ