დმიტრი მედვედევი Telegram-ის დამფუძნებლის დაკავებაზე: „ჩვენი საერთო მტრებისთვის, ის რუსი და, შესაბამისად, სახიფათოა. განსხვავებული სისხლისაა“
საფრანგეთში სოციალურ ქსელ Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის დაპატიმრების შემდეგ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გაიხსენა თავისი საუბარი მილიარდერთან, რომელიც, როგორც მედვედევი ამბობს, გააფრთხილა “ნებისმიერ ქვეყანაში მოსალოდნელი სერიოზული პრობლემების შესახებ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარის გამო“.
„ერთხელ, საკმაოდ დიდი ხნის წინ, დუროვს ვკითხე, რატომ არ სურდა თანამშრომლობა ძალოვან უწყებებთან, როცა საუბარი იყო მძიმე დანაშაულებზე. ”ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია,” – მითხრა მან. „მაშინ ნებისმიერ ქვეყანაში სერიოზული პრობლემები გექნება”, – ვუთხარი მე”, – წერს მედვედევი თავის ტელეგრამის არხზე.
დმიტრი მედვედევს მიაჩნდა, რომ დუროვმა არასწორი გათვლა გააკეთა რუსეთიდან წასვლისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების სახით.
”ყველა ჩვენი საერთო მტრისთვის, ის რუსია – და, შესაბამისად, არაპროგნოზირებადი და საშიშია. განსხვავებული სისხლისაა. ნამდვილად არც მასკია და არც ცუკერბერგი (რომელიც, სხვათა შორის, აქტიურად თანამშრომლობს FBI-სთან). დუროვმა ბოლოსდაბოლოს უნდა გააცნობიეროს, რომ სამშობლოს არჩევა, ისევე როგორც დროისა, შეუძლებელია“.
2022 წლის აპრილში დუროვმა სთხოვა ამერიკულ Forbes-ს, რომ დაეძახათ მისთვის რუსი მილიარდერი. ”პაველმა მრავალი წლის წინ დატოვა რუსეთი და ის არ აპირებს უკან დაბრუნებას”, – განუცხადა ამერიკულ გამოცემას მისმა წარმომადგენელმა.
Telegram-ის დამფუძნებელმა 2014 წელს განაცხადა, რომ არ აპირებდა რუსეთში ცხოვრებას და მუშაობას. მან თავისი გადაწყვეტილება ახსნა წერილში “უკან არ დაბარუნების შვიდი მიზეზი”. მიზეზებს შორის მილიარდერმა დაასახელა „პატიოსანი და დამოუკიდებელი სასამართლოების არარსებობა“ და „წინააღმდეგობრივი კანონების სიმრავლე“.
დმიტრი მედვედევმა, რომელიც მაშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, დუროვის მიერ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილების შემდეგ თქვა:
”ის ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ როგორც ყველა ნიჭიერ ადამიანს, მასაც ბევრი ილუზია აქვს. როგორც ვიცი, მას კონფლიქტი აქვს აქციონერებთან და კოლეგებთან, რის გამოც გაყიდა თავისი წილი და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გარკვეული პოლიტიკური გარემოებების მოტივით, გადაწყვიტა ახალი, საკუთარი პროექტის განხორციელება. ეს მისი გადაწყვეტილებაა.”
პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში 24 აგვისტოს დააკავა.
BBC-ის ინფორმაციით, Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მას შემდეგ აიყვანეს, რაც მისი კერძო თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.
გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერი ბრალდებულია იმაში, რომ ვერ გადადგა ნაბიჯები Telegram-ის დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად.
პაველ დუროვი რუსეთში დაიბადა და დუბაიში ცხოვრობს. მას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
Telegram-ის აპლიკაცია რუსეთში 2018 წელს აიკრძალა, მას შემდეგ რაც დუროვმა უარი განაცხადა მომხმარებლის მონაცემების გადაცემაზე. აკრძალვა 2021 წელს გაუქმდა.