ირაკლი კობახიძე – განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საუნივერსიტეტო განათლებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას

პრემიერ-მინისტრი რაჭაში შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ბანაკში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან; თბილისის მერ სთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად იმყოფებოდა.
ირაკლი ბანაკის მონაწილეებს განათლების სისტემისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებზე ესაუბრა.
„განათლების სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით სერიოზული გეგმები გვაქვს. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საუნივერსიტეტო განათლებას, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. სპორტული ინფრასტრუქტურა განვითარდება მნიშვნელოვნად და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაზეც მთავრობა მომავალშიც იმუშავებს. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა ისეთი პროექტების შემუშავებაში, რომლებიც ახალგაზრდებს გეხებათ და ამ კუთხითაც გვექნება კონკრეტული ინიციატივები. ჩვენ გვქონდა ერთი ასეთი ძალიან კარგი პრეცედენტი, როდესაც კურსდამთავრებულებისთვის შემუშავდა ანაზღაურებადი სტაჟირება. შეხვედრები გავმართეთ ახალგაზრდებთან და მათგან მოვისმინეთ მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ყოფილიყო ეს პროგრამა ჩამოყალიბებული და ამან ამ პროგრამის დახვეწის საშუალება მოგვცა. წელს პირველად ამოქმედდება ასეთი მასშტაბური, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც 3500 კურსდამთავრებულს მისცემს საშუალებას ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს საჯარო სტრუქტურებში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც.
მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბევრი პროექტი, ინიციატივა განხორციელდება და რაც მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული ამ პროგრამებში, მით უკეთესი”, – აღნიშნა პრემიერმა.
„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შაორის ბანაკი წელს სტუდენტების ბოლო ნაკადს მასპინძლობს. ბანაკმა 2024 წლისთვის ჯამში 800-მდე ახალგაზრდა 8 ნაკადად მიიღო.
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში. მათ ასევე უტარდებათ ტრენინგები სხვადასხვა თემაზე.
წელს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, ახალგაზრდულმა ბანაკებმა 4500-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.