ავიაკომპანია Air France-ი აცხადებს, რომ თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით დღეს და ხვალ ფრენებს აჩერებს.
ავიაკომპანიის განმარტებით, შეზღუდვა, შესაძლოა, გაგრძელდეს იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება უსაფრთხოებასთან დაკავშიირებული ვითარება.
ამასთან, ტელეკომპანია Al Arabiya იუწყება, რომ ბეირუთის აეროპორტში ფრენების უმეტესობა გაუქმებულია და რომ ზოგიერთი ავიარეისი იორდანიის დედაქალაქ ამანში გადაამისამართეს.
შეგახსენებთ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100 მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენებით, სამხრეთ ლიბანში განლაგებული „ჰეზბოლას“ კუთვნილი სარაკეტო გამშვებების წინააღმდეგ პრევენციული დარტყმები განახორციელეს მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელზე თავდასხმის განხორციელების გეგმების შესახებ შეიტყვეს. „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ 320-ზე მეტი რაკეტა და დრონები გაისროლა, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით კი დაჯგუფებამ თავდასხმის დროს, დაახლოებით, 210 რაკეტა და 20 დრონი გამოიყენა. მათივე ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი შეაჩერეს, ზოგიერთმა კი დაზიანება და ადამიანების დაშავება გამოიწვია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბევრი რაკეტა ღია ტერიტორიებზე დაეცა.
წყარო: ინტერპრესნიუსი