საქართველოში საავტომობილო ზეთის ხარისხის სტანდარტი არ არსებობს

საქართველოში საავტომობილო ზეთის ხარისხის სტანდარტი არ არსებობს, რის გამოც მისი კონტროლი დიდ სირთულეს წარმოადგენს და რეალურად არც მოწმდება. ამ დროს დადასტურებულია, რომ უხარისხო საავტომობილო ზეთის გავლენა ადამიანებსა და გარემოზე ტოქსიკურია, ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის და ავტომობილების გამართულ მუშაობასაც ხელს უშლის.
მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე მრავალმხრივია, ამ საკითხით ჯერჯერობით არავინ ინტერესდება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი არის პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც რისკებზე ღიად საუბრობს და მთავრობისგან საავტომობილო ზეთების სტანდარტის დაწესებას და კონტროლის გაძლიერებას ითხოვს.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა, საავტომობილო ზეთის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ერთ-ერთი პირველი გადასადგმელი ნაბიჯი ეფექტური კონტროლის განხორციელებაა.
მისი ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ უხარისხო საავტომობილო ზეთი შემოდის ქვეყანაში, ადგილზეც ხდება საშიში პროდუქტის გადამუშავება და რეალიზაციაში გაშვება, რის გამოყენებაც დაუშვებელია, თუმცა უკონტროლო ვითარება საეჭვო ბიზნესს გზას უხსნის.
,,საავტომობილო ზეთი ბაზარი, ფაქტობრივად, არ კონტროლდება ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისი სტანდარტი არ გვაქვს. ბუნებრივია, დიდია რისკი, რომელიც უხარისხო საავტომობილო ზეთების მასობრივ გამოყენებას უკავშირდება. ძალიან ბევრს ვსაუბრობთ უხარისხო ბენზინსა და დიზელზე, თუმცა, თუკი ვინმეს ჰქონია, რომ ფალსიფიცირებული საავტომობილო ზეთი ნაკლებად საშიშია, ძალიან ცდება! ეკოლოგიურად იგი ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, ვინაიდან აქვს ცუდი გამონაბოლქვი, ამავე დროს საკმაოდ ტოქსიკურია. გვინდა დავსვათ საკითხი, რომ მთავრობა დაინტერესდეს ამ პრობლემით და შემოიღონ სტანდარტი, რომლის დაცვა სავალდებულო გახდება. შესაბამისად, გაძლიერდება კონტროლი, რაც მომხმარებელს დაიცავს და ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებასაც ძალიან შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, აუცილებელია ფალსიფიცირებაზე კვლევები სისტემატურად ტარდებოდეს. დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ დიდი პროცენტული მონაცემებით საქართველოში საავტომობილო ზეთების უკონტროლო ბიზნესით მომხმარებლების ტერორი მიმდინარეობს, არავინ იცის, რას ყიდულობს და რას მოიხმარს. ამ დროს საავტომობილო ზეთი სულაც არ არის საჩუქრებად დარიგებული ნავთობპროდუქტი, საკმაოდ ძვირი ღირს ხარისხიანიც და ნაკლებადხარისხიანიც, ჩვენ ამაში ფულს ვიხდით! იმპორტთან დაკავშირებით ბევრი დარღვევაა, მაგრამ ამავე დროს არის ადგილები, ე.წ. საამქროები, სადაც მიმდინარეობს არა მარტო ფალსიფიცირება, არამედ საავტომობილო ზეთის თვითნებური წარმოებაა. დიდი ხანია, გვინახავს და ვიცით ამის შესახებ, ამიტომ აუცილებელია, სამართალდამცველი ორგანოები დაინტერესდნენ და დროული რეაგირება მოახდინონ”, – აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.
როგორც ცნობილია, საავტომობილო ზეთების ძირითადი მომწოდებელი ქვეყნები ირანი და თურქეთია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის თქმით, განსაკუთრებით ირანიდან ხშირად შემოდის მეორადი საავტომობილო ზეთი, რომლის გამოყენება გაცილებით დიდი რისკია და ადამიანების ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.
,,ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი) ლაბორატორიულ კვლევას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკოლოგიის დეპარტამენტი აწარმოებს. ჩვენ მოვუწოდებთ მათ ჩვენი კავშირის და მოქალაქეების სახელით, რომ შეამოწმონ საავტომობილო ზეთებიც. ცნობილი ფაქტია, რომ ირანიდან შემოტანილ მეორად ზეთებში რაღაც ინგრედიენტებს ურევენ, რომელიც ფერს აძლევს და საშიშია. ასეთი პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება. დიდი ხანია ვსვამთ საკითხს, თუ არსებობს სტანდარტი ბენზინსა და დიზელზე, საავტომობილო ზეთებზეც დაწესდეს, რაც ხელს შეუწყობს კონტროლს და ხარისხს გააუმჯობესებს. იმპორტული იქნება თუ ადგილზე წარმოებული, უნდა არსებობდეს სტანდარტი, რომ შეგვეძლოს შემოწმება და თქმა – ვარგა თუ არ ვარგა მომხმარებლის მიერ შეძენილი საავტომობილო ზეთი. მთავრობას ჩვენ თუ არ ვუთხარით და არ შევახსენეთ, მომხმარებელი ხმას არ იღებს. ამდენი მანქანა გაფუჭებულია, მწყობრიდან გამოსულია და ცუდი ზეთები ამ მხრივ ძალიან უარყოფითად მოქმედებენ. პრობლემის გადასაწყვეტად როგორმე უნდა იქნას მიღებული ეს განკარგულება და კონტროლი გაძლიერდეს. შესაბამის ინიციატივას წარვადგენთ აუცილებლად, თუმცა რა ვადაში, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. მთავრობას შეუძლია ეს საკითხი უმოკლეს პერიოდში გადაჭრას. გარდა ამისა, ერთხელ მაინც უნდა დაინტერესდნენ ეკოლოგები საავტომობილო ზეთის ხარისხით და შედეგებით, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს გარემოს და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას რისკი შეუქმნას”, – დასძინა ვახტანგ იობაშვილმა.
რაც შეეხება იმპორტის ოფიციალურ სტატისტიკას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 2,39 ათასი ტონა, რაც 0,42 ათასი ტონით ანუ 21,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,97 ათასი ტონა) შედარებით.
ამასთან, აღნიშნულ პერიოდში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 0,50 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 0,37 ათასი ტონა (15,5%); გერმანია – 0,32 ათასი ტონა (13,4%); აზერბაიჯანი – 0,23 ათასი ტონა (9,6%), და სხვ.
რაც შეეხება საავიაციო ნავთს, 2024 წლის ივლისში იმპორტმა ამ მიმართულებით შეადგინა 23,1 ათასი ტონა, რაც 10,6 ათასი ტონით ანუ 84,8%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,5 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მ/წლის ივლისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 34,2% (7,9 ათასი ტონა) განხორციელდა თურქეთიდან, 20,8% (4,8 ათასი ტონა) – დან, 17,7% (4,1 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 16,9% (3,9 ათასი ტონა) – თურქმენეთიდან, 10,4% (2,4 ათასი ტონა) – უზბეკეთიდან.
წყარო: რეზონანსი

ასევე დაგაინტერესებთ