უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ილაპარაკა რუსეთისა და მისი ლიდერის, ვლადიმირ პუტინის შესახებ. საკუთრივ ვიდეო-მიმართვაც ჩაწერილია სუმის ოლქში, რომელიც ესაზღვრება უკრაინის არმიის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ რუსეთის კურსკის ოლქს.
„ის, რაც მტერმა მოიტანა ჩვენს მიწაზე, ახლა თავის სახლში დაბრუნდა. და ვისაც სურდა ჩვენი მიწების ბუფერულ ზონად გადაქცევა, იმან უნდა იფიქროს, როგორ არ იქცეს მისი ქვეყანა ბუფერულ ფედერაციად“, – განაცხადა ზელენსკიმ სიტყვით მიმართვისას.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს (სახელისა და გვარის დასახელების გარეშე) უწოდა “ავადმყოფი ბაბუა წითელი მოედნიდან”, ხოლო რუსეთი მოიხსენია როგორც “მსოფლიოში ნომერ პირველი ტერორისტული ორგანიზაცია”.
„ვერ გვიკარნახებს თავის წითელ ხაზებს ავადმყოფი ბაბუა წითელი მოედნიდან, რომელიც გამუდმებით ყველას წითელი ღილაკით ემუქრება,“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინაში 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გამოსვლაში ასევე გაუსვა ხაზი უკრაინელი ხალხის გმირულ წინააღმდეგობას რუსეთის აგრესიის მიმართ.
“დამოუკიდებლობა ყოველ ჩვენგანშია. და გაერთიანებული ძალებით, გამარჯვებას შევძლებთ… ჩვენ მტერს გავუძელით, შევბოჭეთ და ვაიძულეთ უკან დაეხია, და ახლა მისსავე ჭაობისკენ ვდევნით. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, რაოდენ რთულია მისი აღდგენა, რაოდენ რთულია მისი დაცვა. მაგრამ ასევე ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული” – თქვა ზელენსკიმ.
დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ფონია უკრაინის ძალების მხრიდან მოულოდნელი შეჭრა რუსეთის კურსკის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება და სადაც კიევი ამჟამად 1260 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და 92 დასახლებას აკონტროლებს.
უკრაინის განცხადებით, ეს შეჭრა – რომელიც რუსეთის მმართველი ელიტისთვის შოკისმომგვრელი მოულოდნელობა იყო – ემსახურება ბუფერული ზონის შექმნას, რომელმაც უნდა აღკვეთოს მოსკოვის მხრიდან საზღვრის მეორე მხრიდან განხორციელებული თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო არეალებსა და ინფრასტრუქტურაზე.