დავითაშვილის “სენტ-ეტიენმა” ისე წააგო და უგოლოდ და უქულოდაა

ლიგა 1-ის მეორე ტურში „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე „ჰავრთან“ 0:2 დამარცხდა.
მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეპიზოდი პირველ ტაიმში, როდესაც მასპინძელთა ნახევარმცველმა კაფარომ ბურთი ხარიხას გაარტყა. კარგი შანსი ვერ გამოიყენა შესვენების შემდეგ მისმა 18 წლის თანაგუნდელმა ამუგუმ. სტუმრები კი 57-ე წუთზე პენალტით ტურემ დააწინაურა. 62-ე წუთზე “სენტ-ეტიენის” ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი საჯარიმოში ორ მეურვეს გაექცა, კარის წინ ჩააწოდა, მაგრამ პარტნიორებმა მისი პასით ვერ ისარგებლეს. ქართველი მაშინვე შეცვალეს, ხოლო “ჰავრმა” მეორე გოლი გაიტანა.
„სენტ-ეტიენმა“ ჩემპიონატზე მეორე მატჩიც წააგო, გოლი ჯერ არ გაუტანია და 31 აგვისტოს გასვლაზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება.
სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი – ჰავრი 0:2
გოლები: 0:1 ტურე (57, პენ), 0:2 სანგანტე (67)