გერმანიაში მამაკაცმა ფესტივალზე დანით რამდენიმე გამვლელი მოკლა, არიან დაჭრილებიც

გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანულ ქალაქ ზოლინგენში დანით შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ადამიანი მოკლა, ასევე არიან დაჭრილებიც.
გავრცელებული ცნობებით, მამაკაცმა გამვლელები ქალაქის 650-ე წლისთავის აღსანიშნავ ფესტივალზე დაჭრა.
ადგილობრივი გაზეთის Solinger Tageblatt-ის თავდაპირველი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანია მოკლული, ხოლო დანარჩენების ვითარება ჯერ კიდევ მძიმეა.
ფესტივალი დროებით შეწყდა, ხოლო პოლიციამ თავდამსხმელზე ძებნა გამოაცხადა. ამავე გაზეთის ცნობით, პოლიციამ მოსახლეობას ქალაქის ცენტრის დატოვებისკენ მოუწოდა.
ეს ცნობები გამოცემა Bild-მაც დაადასტურა და დაამატა, რომ პოლიციას ქალაქში გზაჯვარედინები აქვს გადაკეტილი.