ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა

უამინდობამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. წვიმას თან ქარიშხალი და სეტყვა ერთოდა, რამაც სავარგულების ნაწილი გაანადგურა. სტიქია რამდენიმე წუთს გრძელდებოდა.
ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს, ასევე, პანკისის ხეობაში პოლიციის შენობას სახურავი გადახადა. დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები.
ძლიერმა ქარმა ასევე მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და პანკისი-ახმეტა-თელავის მიმართულებით მოძრაობა შეაფერხა.
ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები და მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური.
წყარო: ინტერპრესნიუსი