სანქციების გამო 20-ზე მეტ რუსულ კომპანიას გაკოტრების საფრთხე ემუქრება

სანქციების გამო 20-ზე მეტ რუსულ კომპანიას გაკოტრების საფრთხე ემუქრება.
svoboda.org-ის ინფორმაციით, ოცზე მეტმა მსხვილმა რუსულმა კომპანიამ, მათ შორის სამშენებლო და საავტომობილო მრეწველობის წარმომადგენლებმა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლებმა, გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნეს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელს, ანტონ ალიხანოვს, სადაც ნათქვამია, რომ მათ გაკოტრება და წარმოების შეჩერება ემუქრებათ საზღვარგარეთ, მათ შორის ე.წ. „მეგობრულ ქვეყნებში“ კრიტიკულად საჭირო ნედლეულის შეძენის შეუძლებლობის გამო.
როგორც РБК წერს, ევროკავშირის სანქციების ბოლო, მეთოთხმეტე პაკეტის შედეგად რუსეთში შეწყდა მნიშვნელოვანი მასალების მიწოდება შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან, იაპონიიდან და უკვე ჩინეთიდანაც.
პირველ რიგში საუბარია, პოლიმეთილენფენილიზოციანატზე, რომელიც გამოიყენება მაცივრების, ავტონაწილების, მილების, სამონტაჟო ქაფების, სალუქავებისა და ჩამოსასხმელი იატაკის წარმოებაში. წერილში ნათქვამია, რომ ამ შემთხვევაში ს ეკონომიკა ასი პროცენტით არის დამოკიდებული იმპორტზე.

კომპანიების ინფორმაციით, არსებული მასალების მარაგი ორ თვეში ამოიწურება და ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა გარიგების მიღწევა მომწოდებლებთან, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, კერძოდ, საუდის არაბეთთან.
რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილს ხელს ისეთი კომპანიები აწერენ, როგორებიცაა „ტექნონიკოლი”, „ბეკო”, „ვერატეკი”, „რუსტა” და „ვერახიმი”.