საქართველოში მშვიდობისა და განვითარების ნომერ პირველი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს მიმართ შეიძლება არსებობდეს საფრთხეები და რისკები, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი კობახიძე იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ მცხეთაში გამართულ ღონისძიებაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ტრიბუნა ტყვიაგაუმტარ მინებში იყო მოთავსებული.
მისი შეფასებით, ოპოზიციისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს და ფიქრობს, რომ მათგან არაფერია გამორიცხული.
„აკვარიუმში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ზის, ეს არის მათი ხვედრი და ბედი. ტყვიაგაუმტარ შუშას რაც შეეხება, იცით რაც ხდება მსოფლიოში, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი არ არის დაცული, ვნახეთ სლოვაკეთის პრემიერ- მინისტრთან დაკავშირებით რაც მოხდა, იცით კონკრეტული მუქარის თაობაზე, რომელიც გაჟღერდა ერთ-ერთი ევროკომისრის პირით, პირდაპირი მუქარა იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ევროკომისარს ამ ყველაფერი არ ვადანაშაულებ, მაგრამ ის ერთგვარ „მესენჯერად“ გამოიყენეს ჩვენს მიმართ.
მსოფლიოში, სადაც ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი არ არის დაცული, რა თქმა უნდა, საქართველოში რისკები კიდევ უფრო მეტია. რაც შეეხება ოპოზიციას, მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, მარტო ციხეებში კლავდნენ 100-ზე მეტ ადამიანს ყოველწლიურად, 100-ზე მეტი ახალგაზრდა დახვრიტეს ქუჩაში. აქედან გამომდინარე მათგან არაფერია გამორიცხული.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გამოვდიოდით ჩვენ ასეთი დაცული ფორმით შეკრებაზე, ამას მარტივი ახსნა აქვს – საქართველოში მშვიდობისა და განვითარების ნომერ პირველი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი, აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს მიმართ შეიძლება არსებობდეს საფრთხეები და რისკები, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.
მე ვციტირებ, ევროკომისარმა მითხრა – „თქვენ იცით, რა მოხდა სლოვაკეთში, ფიცოსთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე უნდა იყოთ ფრთხილად“.
ეს ნათქვამი მხოლობითში არ იყო, არც მრავლობითში. ჩვენი ლოგიკური დასკვნა არის მარტივი, ვინც არის მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი, ყველაზე მეტი საფრთხე დაკავშირებულია მასთან,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.