შსს თაღლითობის სქემას იძიებს – “გირეკავენ სახლის ტელეფონზე, ტირიან, ფულს გთხოვენ”

17 აგვისტოს, ნაშუადღევს, ანასტასიას დედას სახლის ტელეფონზე უცნობმა ქალმა დაურეკა და ტირილით უთხრა, რომ ავარიაში მოყვა მისი შვილი, რომელიც ახლა საავადმყოფოშია და დახმარება სჭირდება. ქალი მხოლოდ რამდენიმესაათიანი მღელვარების შემდეგ დამშვიდდა – დარწმუნდა, რომ ორივე შვილი უვნებელი იყო.

მას სავარაუდოდ თაღლითი ესაუბრა.

ის რუსულად ლაპარაკობდა – რუსული ამ ოჯახში ყველამ კარგად იცის და უცხო ენაზე ზარი იმდენად არ გაჰკვირვებია, რამდენადაც პანიკამ მოიცვა შვილის გამო. მან იფიქრა რომ ევროპის იმ ქვეყნიდან ურეკავდნენ სადაც მისი ვაჟი მარტო ცხოვრობს და მის თავს დატეხილ უბედურებას ასე ატყობინებენ. საზღვარგარეთ მცხოვრებმა შვილმა მობილური ტელეფონის ზარებს არ უპასუხა – ნამდვილად რაღაც ცუდი ხდება, როგორ შეიძლება კარგად იყოს და ტელეფონზე არ უპასუხებდეს? ქალი ქალიშვილმა, ანასტასიამ, დაამშვიდა, აუხსნა რომ ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა ადამიანები უცხოებისაგან რაიმე ცუდი ამბის შესახებ იღებენ ცრუ სატელეფონო შეტყობინებას.

ანასტასიას დედა ერთ-ერთია იმ ათობით ადამიანს შორის, რომელიც სავარაუდოდ თაღლითური ზარის ადრესატი გახდა – ბოლო 20 დღის განმავლობაში თბილისში არაერთ ადამიანს დაურეკეს. ზარი მეტწილად ქალაქის ტელეფონზე შედის. ის ვინც რეკავს, ტირილით, რუსულად ატყობინებს გამოგონილ ისტორიას, ზოგჯერ საუბარი აქ მთავრდება, ზოგჯერ ფულსაც ითხოვს.

“სულ ორჯერ დარეკეს. პირველად ვითომ “დედამ” დაგვირეკა ტირილით რომ მანქანა დაეჯახა, როცა “წითელზე” გადადიოდა. მერე ყურმილი გადასცა ვიღაც ინსპექტორს, რომელიც რუსულად ლაპარაკობდა და მძღოლის ინტერესებს წარმოადგენდა – იმან მითხრა, რომ თუ ოპერაციის თანხას გადავიხდი, დედას არ უჩივლებდნენ. მაშინ ვიფიქრე რომ მძღოლი რუსია ამიტომაც მიმართა რუს ინსპექტორს. 20 000 $ მომთხოვეს და რადგან ასეთი თანხა არ მქონდა, პირველადი შესატანი 3000 მითხრეს. მერე მითხრეს რომ ფული მეშოვა და გადმომირეკავდნენ 15 წუთში. მე დავეჭვდი, ტაქსი გამოვიძახე და იმ კლინიკაში წავედი, სადაც “დედამ” მითხრა რომ “ავარიის” შემდეგ მოხვდა. სანამ გზაში ვიყავი მეორეჯერ დარეკეს, უკვე ჩხუბით და მუქარით. რესპუბლიკურში რომ მივედი, რომელიც დაკეტილი დამხვდა, დაცვამ მითხრა რომ ამ კვირაში მისული მეათე თუ მეთერთმეტე ადამიანი ვიყავი” – იხსენებს კრისტინა, რომელსაც ასევე 17 აგვისტოს დაურეკეს სახლის ტელეფონზე. Მას თავიდან ისიც კი ეგონა, რომ დედის ხმა ვიღაცამ ხელოვნური ინტელექტის ან რაიმე ტექნოლოგიური ხელსაწყოს საშუალებით მის წინააღმდეგ გამოიყენა – ქრისტინეს დედა რუსულენოვანია და როცა უცხო მას ოჯახის წევრად გაეცნო, იმდენად მიამსგავსა მისი ხმა დედას ხმას, ეჭვი არ შეჰპარვია რომ სხვა ადამიანს ელაპარაკებოდა, თუმცა როცა უკვე დამშვიდებული იხსენებს ამ ინცინდენტს, აგონდება რომ იმ დღეს ტელეფონს ჯერ ბებიამ უპასუხა, რომელმაც მას ტელეფონი უკვე იმ ინფორმაციით გადასცა, რომ დედას მანქანა დაეჯახა და სავარაუდოდ ამიტომ აღარ შეჰპარვია ეჭვი ხმის ავთენტიკურობაში.

კრისტინა საეჭვო სატელეფონო ზარის შემდეგ პოლიციაში არ წასულა, მაგრამ ფეისბუკის რამდენიმე ხალხმრავალ ჯგუფში დაწერა, ასეთი ამბავი გადამხდა თავს და ფრთხილად იყავითო. ამ პოსტების ქვეშ ათობით ადამიანი წერდა რომ მსგავსი გამოცდილება ან თვითონაც მიიღეს ამ დღეებში, ან იციან ადამიანი, ვისაც ასე დაურეკეს. ზოგი იმასაც ამბობს რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს გამოძიებისთვის, მაგრამ უშედეგოდ. ზოგი ამტკიცებს რომ პოლიციისთვის მიმართვას აზრი არ აქვს, დარეკეს და არავინ მივიდა მათ მიერ დატოვებულ შეტყობინებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ