კანარის კუნძულებზე არალეგალური მიგრანტების ჩასვლის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება

2024 წლის პირველ 7,5 თვეში ესპანეთის კანარის კუნძულებზე მიგრანტების რაოდენობა გაორმაგდა. ამის შესახებ AFP ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება – წერს „ევროპეისკაია პრავდა“.
როგორც აღინიშნება, მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე კანარის კუნძულებზე 22 304 მიგრანტი ჩავიდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა 9864 იყო.

მიგრანტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ესპანეთის პრემიერ მინისტრის პედრო სანჩესის ოფისმა განაცხადა, რომ ის 27 აგვისტოს სამდღიან ვიზიტს გაემგზავრება მავრიტანიაში, გამბიასა და სენეგალში, რომელთა ნაპირებიდან მიგრანტების მრავალრიცხოვანი ნავები მიემგზავრებიან ესპანეთის არქიპელაგისკენ.