ხატია დეკანოიძე “ნაციონალურ მოძრაობაში” ბრუნდება. ის პარტიის დამფუძნებლის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შექმნილი ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას მოადგილე იქნება. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სწორედ ნაყოფიამ გამოაცხადა დეკანოიძის პარტიაში დაბრუნების გადაწყვეტილება.
“დღეს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც ძალიან მისასალმებელია. ის დღეიდან შეუდგება საქმიანობას მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიციირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე”, – განაცხადა ნაყოფიამ და დაამატა, რომ მათ კიდევ ბევრი, სხვადასხვანაირი ადამიანი შეუერთდება.
ხატია დეკანოიძემ სიტყვა მიხეილ სააკაშვილისადმი მადლობით დაასრულა. მისი თქმით, პარტიაში დაბრუნებამდე კონსულტაციები სწორედ ყოფილ პრეზიდენტთან გაიარა.
“მე ჩემს ფუნქციას ვხედავ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვხედავ ჩემს ფუნქციას ბრძოლაში იმისთვის, რომ ყველა იყოს ერთიანი, მეტ-ნაკლებად. მათ შორის იმ ადამიანების, ვისაც ჩვენ არ ვეთანხმებით. შეიძლება ვიცნობთ კარგად, მაგრამ არ ვეთანხმებით. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მან “ნაციონალური მოძრაობა” 2023 წლის მარტში დატოვა. დეკანოიძემ დეტალურად განმარტა მიზეზები, რის გამოც პარტიის დანარჩენ წევრებთან უთანხმოება ჰქონდა. დასახელებულ მიზეზებს შორის იყო პარლამენტის ბოიკოტი – დეკანოიძე ფიქრობდა, რომ პარტიის წევრები პარლამენტში უნდა შესულიყვ ასევე, ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა, პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გავლენა პარტიაზე.