„ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში 14%-იანი უმუშევრობა პანიკის ტოლფასია“ – ეკონომისტი

2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 19.1 ათასი კაცით (2.1%) და 935.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა (10.1%) და 451.5 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 47.2 ათასით (17.7%) და 219.7 ათასი შეადგინა.
ეკონომისტი ირაკლი მურცხვალაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საქართველოში უმუშევრობა სამუშაო ძალის შემცირების პარალელურად არის შემცირებული, რადგან ბევრი ადამიანი ემიგრაციაშია წასული და ამ ფონზე იმის თქმა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელია, ალოგიკურია.
„რეალობაში სამუშაო ადგილები ქვეყანაში დიდად არ გაზრდილა, რადგან საქართველოში ნაკლები ადამიანი დარჩა, სწორედ ამის ფონზე იქმნება მაჩვენებლები, რომ უმუშევრობა შემცირდა.
თითქმის 14% -იანი უმუშევრობა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში არის პანიკის ტოლფასი ეკონომისტებისთვის, მაგრამ ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ ამ გაჭირვებულ დღეში ყოფნას რომ მიგვაჩნია, რომ 14% უმუშევრობა ნორმალურია. ამასაც თუ დავამატებთ იმას, რომ 3 700 000 -იან მოსახლეობაში სამუშაო ძალად მხოლოდ 1 600 000 ადამიანია აღებული და ორი მილიონი საერთოდ ამოღებულია, მივხვდებით, რომ შემოსავლის მქონე ადამიანების რაოდენობა ბევრად ნაკლებია“ – აღნიშნა ირაკლი მურცხვალაძემ.
ეკონომისტის თქმით, დასაქმებული მოსახლეობა ქვეყნის მოსახლეობის მესამედს შეადგენს, დანარჩენი ნაწილი, მათ შორის ბავშვები და მოხუცები ხელფასს არ იღებს და არც თვითდასაქმებულია.
„საქართველოში არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ხელფასებიც და მოგებაც აქვთ უზარმაზარი, ასევე არის დიდი მასა მოსახლეობის, რომელსაც ძალიან პატარა შემოსავალი აქვს, რაც შემოსავლების არაპროპორციული გადანაწილებაა. ამის გამო ბევრი ადამიანი გარბის საქართველოდან და შემდეგ ბიზნესი წუწუნებს, რომ კადრებს ვერ შოულობს“, – აღნიშნა ირაკლი მურცხვალაძემ.