საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 13.7% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. უმუშევრობის კლების მაჩვენებლებს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომლის თქმითაც მთავრობის პოლიტიკა სამუშაო ადგილების შექმნაზე არის ორიენტირებული.
ირაკლი კობახიძის თქმით, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე ორიენტირებული პოლიტიკით საქართველოს ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს 9%-ს შეადგენს.
„ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ზრდა პირდაპირ აისახება დასაქმებაზე, უმუშევრობის დონის შემცირებაზე. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას.
სამწუხაროდ, მთელი ჩვენი პოლიტიკური დისკუსია არის გადართული რაღაც ვიწრო პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც არ არის არსებითად საინტერესო მოსახლეობისთვის, არ ეხება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ჩვენ, პარალელურ რეჟიმში, მთელი ჩვენი საქმიანობა გვაქვს მიმართული იქითკენ, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, შევამციროთ უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, დავასაქმოთ მეტი ადამიანი და გვაქვს კონკრეტული შედეგები, რაც არის ასახული არა მარტო სტატისტიკაში, არამედ შემდეგ ეს უმუშევრობის შემცირება, დასაქმების ზრდა პირდაპირ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე. ეს ახალი დასაქმებული ადამიანები პირდაპირ იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადს. შესაბამისად, დასაქმების ზრდასთან ერთად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, -განაცხადა პრემიერმა.