ამანათების გადაზიდვის კომპანია Camex Georgia-ს შიდა პოლიტიკის გამოსწორება დაევალა – კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ამანათების ტრანსპორტირების სექტროში, შპს „კამექს ინტერნეიშნლთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა – ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
GCCA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათსა და კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმება მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიებს ითვალისწინებს.
„GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
-გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
-შეცვალოს და დააზუსტოს ვებ-გვერდზე (https://camex.ge/?lang=ge) ინფორმაცია ამანათების გადაფუთვის, ზომაში შემცირების წესებისა და პირობების შესახებ;
-აღნიშნული ინფორმაცია ქართულ ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად ვებ-გვერდზე განათავსოს;
-განხორციელებული ცვლილებები ყველა მომხმარებელს მოკლე ტექსტური (სატელეფონო) შეტყობინების (SMS) გაგზავნის გზით აცნობოს;
-აღადგინოს იმ მომხმარებელთა სავარუდოდ დარღვეული უფლებები, რომელთაც მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა – სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებლად.
აღნიშნული შეთანხმება არ ვრცელდება იმ მომხმარებლებზე, რომლებსაც ამანათების გადაფუთვისა და ზომაში შემცირების წესების, პირობების შესახებ ინფორმაცია ამანათის შეძენამდე, ინდივიდუალურად, სატელეფონო კომუნიკაციის, ან/და ელ. ფოსტის საშუალებით მიეწოდათ,”- ნათქვამია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”