2024 წლის პირველ 7 თვეში საქართველოდან 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების 57 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე, რაც ავტომობილების რეექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს და 2023 წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 1.3%-ით აღემატება.
2023 წლის მსგავსად საქართველოდან ყველაზე დიდი ღირებულების – 538 მილიონი დოლარის ავტომობილები ექსპორტზე ცენტრალური აზიის უღარიბეს ქვეყანაში ყირგიზეთში გავიდა რეექსპორტზე, სადაც გატანილი ავტომობილის საშუალო ფასმა $36 ათასი დოლარი შეადგინა. თავის მხრივ ყირგიზეთში ძვირად ღირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა მაღალია იმიტომ, რომ აღნიშნული ქვეყანა რუსეთის მიმართ დაწესებულ სავაჭრო სანქციებს არ უერთდება და ყირგიზეთიდან დილერები ავტომობილებს რუსეთის ფედერაციაში ყიდიან. ამასთან, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყირგიზეთში საქართველოდან ავტოექსპორტი 80%-ით ($238 მილიონით) გაიზარდა, ასევე 37%-ით ($103 მილიონით) გაიზარდა ავტოექსპორტი ყაზახეთში, სანაცვლოდ კი 40%-ით შემცირდა ავტოექსპორტი აზერბაიჯანის, 69%-ით კი სომხეთის მიმართულებით.