მთავრობა „ფილარმონიის“ და „ბლექ სი არენას“ კომპანიების გაერთიანებას გეგმავს – განკარგულების დეტალები

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ და შპს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ („ფილარმონია“) ერთი შპს-ს ქვეშ გაერთიანება იგეგმება.
ახალი შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელი მთავრობა, ხოლო საწარმოს მართვასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განმახორციელებელი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იქნება. ცნობისთვის, ამ დრომდე Black Sea Arena-ს და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის აქტივები და მართვის უფლებაც კულტურის სამინისტროს ჰქონდა, რაც ახალი განკარგულების მიხედვით, ჩამოერთვა.
15 აგვისტოს გამოცემული განკარგულებიდან, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერი აწერს, ირკვევა, რომ ორივე კომპანია მთავრობას უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით გადაეცემა.
ცნობისთვის, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით და $115 მილიონზე მეტი ინვესტიციით დაიწყო. „ბლექ სი არენა“ ოფიციალურად 2016 წელს Christina Aguilera-ს კონცერტით გაიხსნა. 2019 წელს დარბაზი სამართავად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა. კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 6 წლიანი ზარალის შემდეგ „ბლექ სი არენასთვის“ მხოლოდ გასული წელი იყო მომგებიანი და 2023 წელს კომპანიამ 8,3 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო.
რაც შეეხება „ფილარმონას“, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ფილარმონიის მმართველ შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა. აღნიშნული ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა „ინტერნეიშენალ ივენთის” მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. მას შემდეგ თბილისის საკონცერტო დარბაზი 100%-იანი წილის მართვის უფლებით ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდა.