ბაია კვიციანი – ადრეული ქორწინების შემთხვევები შემცირებულია, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება – თუ წლების წინ სკოლის მოსწავლეებში ადრეული ქორწინება ჩვეულებრივად იყო მიჩნეული, დღეს ასე არ არის

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრის, ბაია კვიციანის განცხადებით, ადრეული ქორწინების „შემთხვევები შემცირებულია, თუმცა პრობლემად მაინც რჩება“.
როგორც მან გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ადრეული ქორწინება კომპლექსური და დელიკატური საკითხია, რასაც ბევრი საუბარი სჭირდება.
„ხარვეზებს ვერ დავარქმევდი, ეს არის ინიციატივა, რომ უფრო მეტად შეივსოს ის ჩანაწერები, რაც არსებობს. ჩვენი კანონმდებლობა ძალიან კარგად არის გამართული. ყველაფერი მეტყველებს ამაზე – თუნდაც ის კონვენციები, რომლის მონაწილეებიც და ხელმომწერებიც ჩვენ ვართ, ბავშვთა უფლებების კოდექსი, თუნდაც სიდოს კონვენცია. მრავალი მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩვენ, სახელმწიფო, ძალიან ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით მოწინავე ვიყოთ.
თუმცა, რაც შეეხება, ადრეულ ქორწინებას, ეს ძალიან კომპლექსური და დელიკატური საკითხია, რაზეც ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ, საზოგადოება სათანადოდ უნდა მოვამზადოთ და ასევე, უნდა გაიმართოს დისკუსიები პარლამენტში. მინდა გითხრათ, რომ ეს ინიციატივა ჩვენთან ძალიან დიდი ხანია შემოსულია და მუშაობა მიმდინარეობს. უბრალოდ, მგონია, რომ ნაჩქარევად არ შეიძლება არაფრის გაკეთება, როდესაც კანონმდებლობას ვეხებით და მნიშვნელოვანია სიღრმისეული შესწავლა. პარლამენტში სწორედ ამას ვაკეთებთ. თუ სტატისტიკით ვისაუბრებთ, [ადრეული ქორწინების] შემთხვევები შემცირებულია. მაგრამ, რა თქმა უნდა, პრობლემა პრობლემად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ შემცირებულია. ახალგაზრდებში და სკოლის მოსწავლეებში წლების წინ თუ ჩვეულებრივად იყო მიჩნეული ადრეული ქორწინება, დღესდღეობით ეს ასე არ არის. ეს იმის შედეგია, რომ კომპლექსურმა მიდგომამ და ჰოლისტურმა მიდგომამ შედეგი გამოიღო. ვფიქრობ, რომ არა მარტო ახალგაზრდებით და სკოლის მოსწავლეებით, სხვა ჯგუფებითაც უნდა დავინტერესდეთ. გოლიათი მიდგომა, რა თქმა უნდა, უკეთეს შედეგს გამოიღებს. მეც მგონია, რომ გასააქტიურებელია ბევრი ის მექანიზმი, რაც უკვე დანერგილია. ათვისება როგორ ხდება, ეს საკითხებიც გასავლელია“,-განაცხადა ბაია კვიციანმა.
ცნობისთვის, დისკუსიის დროს შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მოზარდების ინფორმირების მნიშვნელობას იმ მხარდამჭერი სამსახურების შესახებ, რომლებსაც საჭირო დროს უნდა მიმართონ. ასევე, აღინიშნა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კოორდინაციის მექანიზმის გაუმჯობესების საჭიროება პრობლემისადმი ჰოლისტური მიდგომის უზრუნველსაყოფად, რათა მოზარდი გოგოები ადრეული ქორწინების საფრთხისგან მაქსიმალურად იყვნენ დაცულნი. ამავდროულად, მოზარდების გაძლიერება და მათთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნა.
შეხვედრაზე განიხილეს კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრების საკითხი, რათა შესაძლებელი იყოს ბავშვის ქორწინების ნებისმიერი გამოვლინების აკრძალვა. ასეთი პრაქტიკაა ნიშნობა, რომელსაც ოჯახები მიმართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან