რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს მიმდინარე თვეში დედაქალაქზე განხორციელებული მესამე ბალისტიკური შეტევაა.
„რუსებმა, ზედიზედ მესამედ, დიდი ალბათობით, KN-23 ტიპის ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს და ისევ, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა არ მისცეს მტერს მიზნის მიღწევისა და კიევზე დარტყმის საშუალება. წინასწარი მონაცემებით, ბალისტიკური რაკეტები დედაქალაქთან მიახლოებისას განადგურდა“, – აღნიშნავენ დედაქალაქის ადმინისტრაციაში.
ამასთან, რუსებმა, თითქმის სარაკეტო შეტევის პარალელურად, დედაქალაქისკენ დრონები გაუშვეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ყველა მათგანი გაანადგურეს ისე, რომ დრონებმა კიევამდე ვერ მიაღწიეს.
მოგვიანებით, რუსებმა კვლავ შეუტიეს კიევს – რაკეტამ მანევრირება მოახდინა რამდენიმე ზონაში, მაგრამ ის უკრაინელებმა ჩამოაგდეს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კიევში ნგრევა არ დაფიქსირებულა და არავინ დაშავებულა.