უკრაინამ კანაფის სამედიცინო და სამეცნიერო მიზნით გამოყენება დააკანონა

უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი სამედიცინო კანაბისის ლეგალიზაციის შესახებ. საუბარია დეკემბერში მიღებულ დოკუმენტზე, რომელიც ითვალისწინებს კანაფის მცენარის გამოყენებას საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ტექნიკური მიზნებით, ასევე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და სამკურნალო საშუალებების წარმოების მიზნით, რათა პაციენტებს გაუუმჯობესდეთ წვდომა აუცილებელ მკურნალობაზე.

ამასთან, კანონის თანახმად, უზრუნველყოფილი უნდა იქნას კანაფის ბრუნვის ყველა ეტაპის კონტროლი და მიკვლევადობა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს იმ მედიკამენტების სიას, რომელთა დამზადება შესაძლებელია კანაფის ნედლეულისგან. უწყება ასევე დაადგენს, რომელი დაავადებისა და მდგომარეობის პირობებშია დაშვაბული ასეთი სამკურნალო საშუალებების გამოყენება.
2023 წლის ივლისში, უკრაინის ერთ-ერთმა დეპუტატმა ოლგა სტეფანიშინამ სამედიცინო კანაბისზე საუბრისას განაცხადა, რომ სულ მცირე 6 მილიონი უკრაინელი, რომლებსაც ფსიქოლოგიური ტრავმები აქვთ, საჭიროებს მსგავს მკურნალობას.
ამასთან, მარიხუანის სარეკრეაციო მიზნებით მოხმარება კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულად რჩება.
ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ში კანაფის მცენარეების სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო დანიშნულებით გამოყენებას არეგულირებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ვიქტორ ლიაშკოს მაშინდელი განცხადების თანახმად, ამ ნაბიჯით ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო საფუძველი, რათა უკრაინაში კანაბისის საფუძველზე პრეპარატების წარმოების სრული ციკლი აეწყოს: დაწყებული მცენარის მოყვანითა და გადამუშავებით და სრულფასოვანი წარმოებით დამთავრებული.
კანაბისი, რომელსაც მარიხუანასაც უწოდებენ, ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც მიიღება მცენარე კანაფიდან და გამოიყენება სამედიცინო და რეკრეაციული მიზნებით.
კანაბისის საფუძველზე დამზადებულ პრეპარატებს გამოიყენებენ ონკოლოგიური დაავადებებისა და ომის შედეგად გამოწვეული, პოსტტრავმული დარღვევების მკურნალობისთვის.

ლიაშკოს თქმით, კანაბისზე დამზადებული პრეპარატები კონკურენციას გაუწევს ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებიც უკანონო ბრუნვაშია.
მინისტრმა ასევე განმარტა, რა შემთხვევაში და რა მიზნებით გამოიყენება კანაბისზე დამზადებული პრეპარატები: ესაა ტკივილისა და კუნთების სპაზმების შემსუბუქება, ანორექსიის მკურნალობა, პოსტტრავმული სტრესული და შფოთვითი აშლილობის მკურნალობა, ეპილეფსიის ცალკეული ტიპების, ასევე გლაუკომის, ფსორიაზის, პარკინსონიზმის, გაფანტული სკლეროზის მკურნალობა.
წყარო: jandacva.ge