„ეთიკის ქარტია რუსული კანონის მოთხოვნებს არ შეასრულებს“ – გაერთიანება 300-ზე მეტი ჟურნალისტით

2024 წლის 14 აგვისტოს ჩატარდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა რიგგარეშე კრება, სადაც გადაწყდა, რომ ქარტია არ აპირებს დარეგისტრირდეს რუსული კანონის შედეგად ამოქმედებულ „აგენტების რეესტრში“. ქარტიაში 300-ზე მეტი ჟურნალისტია გაწევრიანებული.
ქარტიამ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით 16 აგვისტოს განცხადება გაავრცელა:
„კრებამ ერთხმად გაიზიარა ქარტიის საბჭოს მიერ 8 აგვისტოს სხდომაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება, ორგანიზაცია არ დაემორჩილოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციის შესახებ და თავისი უფლებების დასაცავად სამართლებრივი ბრძოლა განაგრძოს.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წევრთა საერთო კრების მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია რუსული კანონის მოთხოვნებს არ შეასრულებს და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ არ დარეგისტრირდება.
ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპებთან და ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, თანასწორი მოპყრობის უფლებას და საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით გარანტირებულ სხვა ფუნდამენტურ უფლებებს.
„ეს კანონი შეუძლებელს ხდის საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ანადგურებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციასა და ევროპულ მომავალს, ანგრევს საქართველოს ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას.
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უცხოური ძალის ინტერესების გატარებად აცხადებს იმ საქმიანობას, რასაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახორციელებს დაარსების დღიდან, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, და ახდენს ორგანიზაციის სტიგმატიზებასა და დისკრიმინაციას.
რეგისტრაცია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ დამაზიანებელი და შეუთავსებელია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მისიასთან, მიზნებთან და პრინციპებთან“, – ვკითხულობთ ქარტიის გადაწყვეტილებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. კანონი უკვე ძალაშია და სექტემბრის თვიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების დაჯარიმებას ითვალისწინებს.
წყარო: ბათუმელები