სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში „მაიმუნის ვირუსის“ ეპიდაფეთქების რისკები მინიმალურია

ქვეყანაში „მაიმუნის ვირუსის“ ეპიდაფეთქების რისკები, ადამიანიდან ადამიანზე გადადების სირთულიდან გამომდინარე, მინიმალურია. ამის შესახებ ქართველი ინფექციონისტები საუბრობენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კორონავირუსისგან განსხვავებით, „მაიმუნის ყვავილი“ ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის. ამას ემატება ის, რომ წელს რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა.
„რესპირაციული ინფექციებისგან განსხვავებით, ეს ვირუსი გადადის ბევრად რთულად, კონტაქტური გზით, როდესაც ხდება კონტაქტი დაზიანებულ კანთან და ლორწოვანთან. ამასთან, დაინფიცირებისთვის დაავადებულთან ხანგრძლივი კონტაქტია საჭირო. გადადების ერთ-ერთი გზაა დაუცველი სქესობრივი კონტაქტი და 2022 წლის ეპიდაფეთქება სწორედ სქესობრივი გზით გადადებასთან იყო დაკავშირებული,“ – განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ პირველ არხთან საუბარში.
ინფექციონისტ მაია ზალდასტანიშვილის თქმით კი, მიგრაციის გათვალისწინებით, ვერ ვიტყვით, რომ ვირუსი საქართველოში არ შემოვა. თუმცა ექიმი ამბობს იმასაც, რომ ეს არაა ჰაეროვან-წვეთოვანი გზით გადამდები ინფექცია, რომ ძალიან სწრაფად გავრცელდეს.
ცნობისთვის: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ე.წ. მაიმუნის ყვავილის აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა.
ორგანიზაციის მონაცემებით, აფრიკის კონტინენტზე, იანვრიდან მოყოლებული დღემდე, მაიმუნის ყვავილით დაინფიცირების უპრეცედენტო ზრდა აღინიშნა. ეპიდაფეთქების შესახებ 15-მა ქვეყანამ განაცხადა. მიმდინარე წელს დაინფიცირების უკვე 2030 შემთხვევა დაფიქსირდა, შარშან კი, მთელი წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 1145-ს შეადგენდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, „მაიმუნის ყვავილი“ არის დაავადება, რომლის ტიპიური სიმპტომებია გამონაყარი კანზე, ასევე ლორწოვანი გარსის დაზიანება, რაც შესაძლოა 2-4 კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. პაციენტს ასევე აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების, ასევე ზურგის ტკივილი, სისუსტე და ლიმფური კვანძების გადიდება.
დაინფიცირება ხდება უკვე დაავადებულ ადამიანთან ან ცხოველთან, ან დაბინძურებულ საგნებთან ფიზიკური კონტაქტის შედეგად.
ჯანმოს მონაცემებით, საქართველოში, „მაიმუნის ყვავილის“ 2 შემთხვევაა დადასტურებული. ორივე პაციენტი გამოჯანმრთელდა.
jandacva.ge