საქართველოში 114 სასაკლაო ფუნქციონირებს – როგორია პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი?

2024 წლის II კვარტალში საქართველოში 114 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.4 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 15.8 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 14.9 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონში, 14.9 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 9.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 9.6 პროცენტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო 16.7 პროცენტი – სხვა რეგიონებშია განთავსებული.
„საქსტატის“ ინფორმაციით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წლის II კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 115.0 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 34.6 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 56.7 პროცენტი – ღორი, ხოლო 6.8 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.9 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 038.4 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2024 წლის II კვარტალში 14.3 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 31.8 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 34.8 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 32.3 პროცენტი – ღორის ხორცზე, 1.1 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 8.4 ათას პირს, საიდანაც 47.1 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 040 კაცი შეადგინა.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 36.6 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 31.7 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 15.3 ლარი.

ასევე დაგაინტერესებთ