21 ლარი – საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა ნოემბერში

ნოემბერში საქართველოს საფონდო ბირჟის საერთო ბრუნვამ 466.59 ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებული მაჩვენებელია (ოქტომბერში 107 754 ლარი იყო).

მთელი თვის განმავლობაში ბირჟაზე სულ სამი გარიგება დაფიქსირდა, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდებოდა. ამ ტრანზაქციების შედეგად, დღიურმა საშუალო ბრუნვამ გასულ თვეში მხოლოდ 21 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება წინა თვეების მონაცემებს, საქართველოს საფონდო ბირჟაზე ოქტომბერში – 5, სექტემბერში -2, აგვისტოშიც ორი გარიგება იყო, ივლისში – 1, ივნისში – 5, მაისში – 1, გარიგების გარეშე დაიხურა აპრილის და მარტის თვე.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 748 მილიონ დოლარს შეადგენს.