შალვა პაპუაშვილი – კვლევების და რიცხვების გარეშეც განწყობები ნათელია, ამას ვატყობთ ოპოზიციასაც, რომელიც როგორც იქნა, გავიდა რეგიონში – როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ქართველი ხალხი თავს მოატყუებინებს „ნაციონალურ მოძრაობას“

როგორ შეიძლება სხვანაირი შედეგი იყოს, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ქართველი ხალხი თავს მოატყუებინებს „ნაციონალურ მოძრაობას“ იმით, რომ სხვადასხვა ჯგუფებად დაიყოფიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გორბის“ კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „გორბის“ კვლევა საზოგადოებრივ განწყობებს ასახავს, რომელსაც რეგიონებში გასული ოპოზიციაც კარგად ხედავს.
„კვლევების და რიცხვების გარეშეც განწყობები ძალიან ნათელია. ამას ვატყობთ ოპოზიციასაც, რომელიც რეგიონში როგორც იქნა გავიდა, აქამდე სტუდიებიდან ვერ გამოდიოდნენ. გავიდნენ რეგიონში და ვატყობთ მათაც, რომ გრძნობენ რა განწყობებია მოსახლეობაში და ამას ასახავს საბოლოო ჯამში [კვლევები]. როგორ შეიძლება სხვანაირი შედეგი იყოს, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ქართველი ხალხი თავს მოატყუებინებს „ნაციონალურ მოძრაობას“ იმით, რომ სხვადასხვა ჯგუფებად დაიყოფიან . ამით ფიქრობენ, რომ ვინმეს მოატყუებენ, რომ ხმა მიაცემინონ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და დააბრუნებინონ ის ძალადობრივი რეჟიმი, რაც მათ ჰქონდათ დამყარებული. ეს არის ლოგიკური შედეგი. ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა სიბრძნე. შედეგს საბოლოო ჯამში 26 ოქტომბერს ვნახავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კითხვაზე, საპარლამენტო ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? – მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 59.3%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 13.1%; კოალიცია „ლელო“/„ – ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ – 5.8%; კოალიცია „ახალი“/„გირჩი – მეტი თავისუფლება“/„დროა“ – 5.5%; „საქართველოსთვის“ – 4.8%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია – 3%; „ევროპული საქართველო“ – 2.2%; „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ – 2.1%; სხვა – 4.2%.