საქართველოში ხორბლის იმპორტის მოცულობა 69.1%-ით გაიზარდა

საქართველოში ხორბლის იმპორტის მოცულობა 69.1%-ით გაიზარდა
2024 წლის 6 თვეში ხორბლის იმპორტის ღირებულება წლიურად 33.5%-ითაა გაზრდილი, ხოლო მოცულობა 69.1%-ით, რაც შემცირებული საშუალო იმპორტის ფასითაა გამოწვეული (-21.1% წ/წ), – ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს.
ხორბლის იმპორტის ღირებულებამ წლის პირველ ნახევარში 28 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7 მლნ დოლარით მეტია.
„2024 წლის ივლისში ხორბლის ფასი თვიურად 4.5%-ით შემცირდა. ჩინეთის ადგილობრივ ბაზარს გლობალურ ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ჩრდილოეთ ჩინეთში მოსული ნალექის გამო ფერმერები ცდილობენ საკუთარი ხორბალი რაც შეიძლება სწრაფად გაყიდონ, რათა უარესმა ამინდებმა მოსავალი არ გააფუჭოს. ამის საპირწონედ, ფქვილზე ადგილობრივი მოთხოვნა სუსტი ეკონომიკიდან გამომდინარე დაბალია. შედეგად, მზარდმა მიწოდებამ და დაბალმა მოთხოვნამ ფასები 3-წლიან მინიმუმამდე შეამცირა. ჩინეთის მთავრობა ფერმერების და ფასების მხარდასაჭერად ადგილობრივი შესყიდვების გაზრდას გეგმავს, რაც იმპორტის საჭიროების კლებას გამოიწვევს, შედეგად კი გლობალურ ფასებს შეამცირებს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.