სააპელაციომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საჩივარი განუხილველი დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საჩივარი, რომლითაც მისი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებას ითხოვდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“, რომელიც მის უფლებებს იცავდა, აცხადებს, რომ სასამართლომ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.
„სააპელაციო საჩივარს თან ერთოდა აფგან სადიგოვის განცხადება, საქართველოს -ს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ, საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით… საგანგაშოა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ახალი გარემოება“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. საქართველოში 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და ორი კვირის წინ მისი დატოვება უნდოდა, მაგრამ აეროპორტში ქვეყნიდან არ გაუშვეს.
4 აგვისტოს კი მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. მისმა ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაქო აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და რომ სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.
მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა.
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება არასამთავრობო ორგანიზაციის („უფლებები საქართველო“) დახმარებით 8 აგვისტოს გაასაჩივრა და აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ.

ასევე დაგაინტერესებთ