რა არის საჭირო ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში საქართველოს გასაწევრიანებლად

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ჩართვის საკითხთან დაკავშირებით ანგარიში მოისმინა, რომელიც თემატურმა მომხსენებელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ წარადგინა. საკომიტეტო განხილვაში, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველომ, ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში გაწევრიანების სურვილი ჯერ კიდევ 2017 წელს დააფიქსირა და 2023 წლის ნოემბერში ევროკომისიის მხრიდან ოფიციალურად გამოითქვა მზაობა აღნიშნულ საკითხზე მუშაობის დასაწყებად.

ანგარიშის საფუძველზე, სხდომაზე ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ჩართვასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, მისი განხორციელებისათვის საჭირო ნაბიჯები, საქართველოში მოქმედი როუმინგული მომსახურების არსებული მდგომარეობა და გაუმჯობესების პერსპექტივები მიმოიხილეს.

გამოითქვა მოსაზრებები, შესაბამისი უწყებების მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობის გამოყენებისთვის. მათ შორის, პირველადი და მეორადი კანონმდებლობის შემუშავებისა და მიღების გზით. კომიტეტი ზედამხედველობას გაუწევს ამ მიმართულებით შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელებულ საქმიანობას.

თემატური ანგარიში ევროკავშირის პროექტის, „ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მხარდაჭერა (AA Facility)“, ექსპერტული და ფინანსური ხელშეწყობით და სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით შემუშავდა.

ერთიან როუმინგულ სივრცეში ჩართვის განხორციელებისათვის საჭირო ნაბიჯები:

ა) კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც მარეგულირებელი ორგანოსთვის როუმინგული მომსახურების შესაბამისი საკითხების რეგულირების უფლებამოსილების მინიჭება, რაც დღევანდელი მანდატით მას არ გააჩნია; როგორც აღვნიშნეთ, მოქმედი კანონმდებლობით კომუნიკაციების კომისიას შეუძლია სატარიფო რეგულაციის დაწესება მხოლოდ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის; ცალკე როუმინგული მომსახურების ნაწილში ჩარევის უფლება მას არ აქვს; ამასთან, ვინაიდან აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭებით ხდება მარეგულირებლის დღევანდელი უფლებებისა და რეგულირების გავლენის სფეროს გაფართოება, მნიშვნელოვანია, რომ ეს უფლებამოსილება მკაფიო და კონკრეტული სახით გაიწეროს, როგორც ეს ევროპული რეგულაციებით არის განსაზღვრული; თავის დროზე 2017/920 რეგულაცია და ახლა უკვე განახლებული 2022/612 რეგულაცია, წევრი ქვეყნების მარეგულირებლებს უსაზღვრავს როუმინგის რეგულაციის აღსრულებისა და მონიტორინგის ფუნქციას, რომლის ფარგლებშიც ისინი პასუხისმგებელნი არიან როუმინგულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა: როუმინგული რეგულაციის დარღვევებზე რეაგირება, როუმინგის რეგულაციის შეფასებისთვის ევროკომისიისთვის საჭირო მონაცემების გამოთხოვა, ხარჯების ანაზღაურების და ე.წ. sustainability derogation-ის ფარგლებში ოპერატორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ა.შ.
ბ) სატარიფო და როუმინგულ პირობებთან დაკავშირებით ინფორმირების და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა – 2022 წლის როუმინგის განახლებული რეგულაცია 2022 წლის ივნისში შევიდა ძალაში და ითვალისწინებს კონკრეტულად როუმინგთან დაკავშირებულ საკითხებს; მათ შორის მომხმარებელთა ინფორმირების, მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვა. საქართველოში 2021-2022 წლებში შეიცვალა “ელექტრონული მომსახურების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის” შესახებ რეგლამენტი, სადაც საერთაშორისო როუმინგთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები/დამატებები შევიდა, კერძოდ: განიმარტა “საერთაშორისო როუმინგი” ასევე, დაემატა მუხლები საერთაშორისო როუმინგის დროს მომხმარებელთა საინფორმაციო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით; თუმცა აღნიშნული ცვლილებები არ არის ამომწურავი. შესაბამისად, საჭირო იქნება ევრორეგულაციით განსაზღვრული საკითხების სიღრმისეული ანალიზი და საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება საქართველოს შესაბამის ნორმატიულ აქტებში ასახვის მიზნით;
გ) საბითუმო და საცალო ტარიფების შემცირების ეტაპობრივი გეგმის შემუშავება – მსგავსი მიდგომა შემუშავებული და შეთანხმებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ერთიანი როუმინგული სივრცის შექმნის შესახებ შეთანხმების ფარგლებში და მომზადებულია ტარიფების შემცირების რამდენიმეწლიანი გეგმა. შესაბამისად, მოქმედ მხარეებთან ერთად შესასწავლი და მოსამზადებელი იქნება საბითუმო და საცალო ტარიფების შემცირების და 2022 წლის რეგულაციით განსაზღვრულ ევროპულ ტარიფებთან გათანაბრების გეგმა;
დ) უფასო წვდომა საგანგებო მომსახურების, 112-ის ნომერზე – აღნიშნული გათვალისწინებულია როგორც როუმინგულ რეგულაციაში, ისე, ელექტრონული კომუნიკაციების ახალი კოდექსით და მისი წინამორბედი დირექტივით. ეს საკითხი გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებითაც – შესაბამისად, საჭიროა ამ შესაძლებლობის სახელმწიფო უწყებებთან ერთად განხილვა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების უზრუნველყოფა;
ე) წვდომა იმავე ტექნოლოგიაზე (4G-5G) და იმავე ხარისხზე, რომელიც აბონენტს აქვს საკუთარი ოპერატორისგან – ეს საკითხი არ არის განსაზღვრული მოქმედ საკანონმდებლო ჩარჩოში. დღეის მდგომარეობით მსგავსი საკითხები თანხმდება ოპერატორებს შორის ინდივიდუალური კომერციული ხელშეკრულებით. ამ საკითხს არ მოიცავს არც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ერთიანი როუმინგული სივრცის შექმნის შესახებ ხელშეკრულების პროექტი – შესაბამისად, საჭირო იქნება ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება, რათა მომხმარებლებმა შეძლონ იგივე ხარისხის მომსახურებით სარგებლობა, რითაც სარგებლობენ თავიანთი ოპერატორის ქსელში.