პრეზიდენტმა უარი თქვა, ოლიმპიელები მთავრობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაეჯილდოებინა

საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობს, პარიზის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენების მთავრობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაჯილდოებაზე. მან ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მიზეზებზე ისაუბრა.
დღეს, 20:00 საათზე, მთავრობა ოლიმპიელების დახვედრის ღონისძიებას მართავს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია ავლაბარში), სადაც შესვლა შეუძლიათ მიწვეულ სტუმრებსა და ჟურნალისტებს, თუმცა არა სპორტსმენების ნახვის მსურველ რიგით ადამიანებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ღონისძიების შესახებ მას შეატყობინეს ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე, 13:00 საათზე.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უარს ამბობს ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე:
„მე ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს ქვეყანას, საზოგადოებას და ეს უნდა ვიზეიმოთ ერთად, არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს და მე ამას ვაპირებ“.
პრეზიდენტის თქმით, არსებობს მეორე მიზეზიც – ოლიმპიური თამაშები ჯერ არ დასრულებულა და პარაოლიმპიელები, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ, ქვეყანაში 8 სექტემბრის შემდეგ ბრუნდებიან.
„წარმოუდგენელია, არ ვიცი ვის ავიწყდება, სპორტის მინისტრს თუ მთლიანად მთავრობას… არა, არანაირი დისკრიმინაცია, ეს არის მიუღებელი“, – თქვა მან და აღნიშნა, რომ საზეიმო ღონისძიებას სექტემბერში გამართავს.
12 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს. სახელმწიფო ჯილდოს გადაცემა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ცნობაში სალომე ზურაბიშვილი ნახსენები არ ყოფილა.
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან:
· ლაშა ტალახაძე – სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიოს და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი;
· ლაშა ბექაური – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული;
· გენო პეტრიაშვილი – ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლების მფლობელი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი.
ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან:
· ტატო გრიგალაშვილი – პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, სამგზის მსოფლიოს და სამგზის ევროპის ჩემპიონი;
· ილია სულამანიძე – პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი;
· გივი მაჭარაშვილი – პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი, ორგზის ევროპის ჩემპიონი;
· ლაშა გურული – პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი.
პარიზის ოლიმპიური თამაშები ჯერ დასრულებული არ არის. საქართველოს პარაოლიმპიადაში 14 სპორტსმენი წარადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ჯაფარიძე პენსიონერებს – 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება თქვენი უზრუნველი სიბერე, 1-ელ დეკემბრამდე გაგინულდებათ საპენსიო სესხები, პენსია გახდება მინიმუმ 1000 ლარი