2023 წელს ინვესტიციების მოცულობა 15.6%-ით შემცირდა – „საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემები

„საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 902.2 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3 პროცენტით აღემატება.
2023 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83.7 პროცენტი შეადგინა.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2023 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 49.0 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 20.3 პროცენტით (386.3 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა გაერთიანებული სამეფო 19.2 პროცენტით (364.3 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე – აშშ 9.6 პროცენტით (182.2 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 63.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 583.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 30.7 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ვაჭრობის სექტორი 314.3 მლნ. აშშ დოლარით (16.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 301.5 მლნ. აშშ დოლარით (15.9 პროცენტი).